იბიცას ხელისუფლება, ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში, კუნძულზე შესული ავტომობილების რაოდენობაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს.
კერძოდ, 1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე კუნძულზე მხოლოდ 20.168 ტურისტულ ავტომობილს შეუშვებენ. აქედან 16.000 ავტომობილი გაქირავებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო 4.108 კუნძულზე ზღვით ჩასული ტურისტების ავტომობილია, რომლებიც საკუთარი ტრანსპორტით ბარსელონას, დენიას, ვალენსიას ან პალმას პორტებიდან მოგზაურობენ.
იბიცაზე საკუთარი ავტომობილით ჩასულ მგზავრებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, რაც დღეში 1 ევრო ეღირება. განაცხადის შეტანა იბიცას საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდ Consell de Ibiza-ზე არის შესაძლებელი.
მოტოციკლეტებზე ახალი სეზონური შეზღუდვები ჯერ არ ვრცელდება.
იბიცაზე ტურისტებისთვის დამატებითი ზომები მანამდეც მოქმედებდა. კერძოდ, კუნძულზე შესასვლელად ტურისტს კემპინგში დადასტურებული ჯავშანი უნდა ჰქონდეს, ხოლო არასანქცირებულ ადგილებზე დაბანაკება ან გზასთან ღამის გათევა აკრძალულია.
ტურისტული ტრანსპორტის ზრდა იბიცაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში სერიოზულ პრობლემად იქცა. რეგიონში ავტომობილების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ, კერძოდ, 2002 წლის 51 000-დან 2022 წელს 207 000-მდე გაიზარდა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დაწესებული ლიმიტი გზებზე დატვირთვას შეამცირებს და კუნძულზე ტურიზმს უფრო მდგრადს გახდის. ადგილობრივ მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე იბიცას ხელისუფლებამ, ასევე, საკრუიზო გემების რაოდენობა შეამცირა და მოკლევადიან უკანონო გაქირავებასთან ბრძოლა დაიწყო.
ცნობისთვის: იბიცა ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ ტურისტს იღებს, რაც მის ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
bpn.ge
