იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკში სააქციო წილს ზრდის

კრედო ბანკის აქციონერმა, იაპონურმა სოციალური გავლენის ინვესტორმა, Gojo & Company, Inc.-მა, სააქციო წილი 33.2%-მდე გაზარდა. ტრანზაქცია განხორციელდა Triodos Microfinance Fund-ისა და Triodos Fair Share Fund-ის აქციების შეძენით – ფონდების, რომლებსაც Triodos Investment Management BV მართავს და ათწლიანი წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, ბანკის მფლობელობიდან გავიდნენ.
აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს Gojo & Company, Inc.-ის ნდობას კრედო ბანკისა და საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და პოტენციალისადმი. როგორც ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, Gojo & Company, Inc. კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის სტრატეგიულ კურსს, უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი, ინოვაციური და ინკლუზიური ფინანსური სერვისების შეთავაზება.
არნო ვენტურამ, Gojo & Company, Inc.-ის მმართველმა პარტნიორმა აღნიშნა: „ჩვენთვის დიდი პატივია, ტრიოდოსის მემკვიდრეობის გაგრძელება და კრედო ბანკის განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ეს სტრატეგიული შენაძენი ასახავს ჩვენს ნდობას კრედოს გუნდისა და საქართველოში ფინანსური ჩართულობის მიმართ. მოუთმენლად ველით ბანკის გუნდთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გავზარდოთ მათი სოციალური გავლენა.“
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.