იაპონიაში ათასობით მაშველი განაგრძობს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნას.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.
იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 81 ადამიანი. 50-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც.
