იაპონიაში საშიში „ხორცისმჭამელი“ ბაქტერია ვრცელდება, რომელიც ადამიანს 48 საათში კლავს

იაპონიაში ვრცელდება იშვიათი, „ხორცისმჭამელი“ ბაქტერია, რომელსაც შეუძლია, ადამიანი დასნებოვნების მომენტიდან 48 საათში მოკლას. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბაქტერიამ ქვეყანაში გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციები შეამსუბუქა.
ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც ამ დაავადების გავრცელებას 1999 წლიდან აკვირდება, 2 ივნისის მდგომარეობით, წელს, სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომით გარდაცვლილთა რაოდენობამ 977 შეადგინა. ეს კი შარშანდელ რეკორდს (941) აჭარბებს.
აფეთქებები იყო სხვა ქვეყნებშიც. 2022 წლის ბოლოს, სულ მცირე ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ აცნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „ა“ ჯგუფის ინვაზიური სტრეპტოკოკური დაავადების (iGAS) შესახებ. ჯანმოში განაცხადეს, რომ შემთხვევების ზრდა კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ დაიწყო.
იაპონიაში ელოდებიან, რომ წელს დაავადების შემთხვევების რაოდენობა 2500-ს მიაღწევს, გარდაცვალების დონე კი „საშინელი“, 30% იქნება.
სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან ხელების ჰიგიენის ნორმები და ნებისმიერ ღია ჭრილობას უმკურნალონ.
ექიმების განმარტებით, „ა“ ჯგუფის სტრეპტოკოკი ბავშვებში ყელის ტკივილსა და შეშუპებას იწვევს, ბაქტერიების ზოგიერთმა ტიპმა კი შესაძლოა სიმპტომების სწრაფი განვითარება განაპირობოს, მათ შორის კიდურების შეშუპება, ცხელება, დაბალი წნევა, ნეკროზი, სუნთქვის პრობლემები, ორგანოების უკმარისობა. ეს ბაქტერია ორგანიზმის ქსოვილებს „ჭამს“ და სერიოზულ შინაგან ინფექციებს იწვევს.
ყველაზე ხშირად 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანები ავადდებიან. გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა კი 48 საათში დგება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ საშიში ბაქტერიის გავრცელების მიზეზი ის მკაცრი საიზოლაციო ზომებია, რომლებიც პანდემიის დროს მოქმედებდა. ამ პერიოდში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ადამიანები არ ცვლიდნენ მიკროორგანიზმებს და მათი იმუნიტეტი დაეცა, რაც სტრეპტოკოკის გავრცელების გამომწვევი მიზეზი გახდა, რადგან ეს ბაქტერია სწორედ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. ერთ-ერთ ფაქტორად ასევე სახელდება ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკების აქტიური გამოყენება.
ბაქტერიისგან დაცვის მთავარ ზომებად სახელდება პირადი ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანა საპნით, ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება და მისი კარგად გარეცხვა, ხარისხიანი პროდუქტების მიღება მათი თერმული დამუშავების შემდეგ.
წყარო: jandacva.ge