იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 240-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 40 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.
სამაშველო სამუშაოებისთვის 4 600 სამხედროა მობილიზებული, რომლებიც პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს ეხმარებიან. დაახლოებით 10 დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. 30 000-ზე მეტი მოქალაქე საევაკუაციო ცენტრებშია განთავსებული.
მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია. ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.