იაპონიამ თავდაცვის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა – მიიღეს კანონი, რომელიც სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს. აქამდე არსებული კანონმდებლობით, სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი მხოლოდ ხუთ არალეტალურ კატეგორიამდე იყო შეზღუდული. როგორც იაპონურ მედიაში წერენ, მიღებული კანონით ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავდაცვის ინდუსტრია გლობალურ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
კანონმდებლობის ცვლილება მმართველმა კოალიციამ მცირე ხნის წინ წარადგინე და იაპონიის პრემიერმინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ 21 აპრილს დაამტკიცა. ახალი კანონით თავდაცვითი აღჭურვილობა ორ კატეგორიად დაიყო: “შეიარაღება” – ლეტალური სისტემები, როგორიცაა საბრძოლო ხომალდები, ტანკები და რაკეტები და “არაიარაღი” – არალეტალური საშუალება, როგორიცაა რადარები და დამცავი აღჭურვილობა.
ლეტალური იარაღის ექსპორტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განიხილავს. საბჭოში შედის პრემიერი და კიდევ რამდენიმე მინისტრი. ექსპორტის შესაძლებლობა შეზღუდული იქნება ქვეყნებზე, რომლებთანაც იაპონიას თავდაცვითი დანადგარებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეთანხმება აქვს დადებული. ამჟამად ტოკიოს მსგავსი შეთანხმება 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული და მთავრობაში ელიან, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
იარაღის ექსპორტი აკრძალული იქნება იმ ქვეყნებში, რომლებიც აქტიურ ომებში არიან ჩართლი, თუმცა კანონი ითვალისწინებს იაპონიის უსაფრთხოების ინტერესებზე დაფუძნებულ გამონაკლისებსაც. მსგავსი შეზღუდვები არ ეხება არალეტალურ აღჭურვილობას.
იაპონიის პრემიერი X-ზე გამოეხმაურა კრიტიკოსებს, რომელთა მტკიცებით იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არჩეულ პაციფიზმისა და “მხოლოდ თავდაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის” გზიდან უხვევს.
“არანაირად იცვლება ჩვენი ძალისხმევა, ვიყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური პრინციპებისა და იმ გზისადმი, რომელიც, როგორც მშვიდობიანმა ქვეყანამ, გასული 80 წლის განმავლობაში, ომის დასრულების შემდეგ, ავირჩიეთ.” – დაწერა ტაკაიჩიმ.
ეს ცვლილებები, რომელთაც პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება, ასევე შესაძლებელს გახდის ერთობლივად შექმნილი იარაღისა და სისტემების მესამე ქვეყნებისთვის გადაცემას კაბინეტის თანხმობის შემდეგ. ეს მოიცავს მეექვსე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავის გაყიდვასაც, რომლის შექმნაზეც იაპონია ბრიტანეთთან და იტალიასთან ერთად Global Combat Air Program (GCAP)-ის ფარგლებში ცდილობს.
მცირე ხნის წინ იაპონიამ ავსტრალიასთან ფრეგატების ექსპორტის კონტრაქტი გააფორმა. მსგავსი ხომალდებით დაინტერესდნენ ახალ ზელანდიასა და ინდონეზიაშიც. განიხილება ტოკიოს ჩარჩა აშშ-ს, ბრიტანეთისა და ავსტრალიის AUKUS-ის თავდაცვის პაქტის თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობის პროექტებში პარტნიორად ჩართვა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის კანონმდებლობის ცვლილებაზე “ღრმა შეშფოთება” გამოთქვეს. მათი თქმით, ეს არის იაპონიის “უპასუხისმგებლო ნაბიჯი ახალი მილიტარიზაციისკენ”, რომელსაც “ფხიზლად” დააკვირდებიან.