იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი მამაკაცთა შორის 2025 წლის უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში სინერმა ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 4:6, 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კარიერაში მეოთხე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ის აქამდე ორჯერ იყო ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი, ხოლო ერთხელ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მოიპოვა. სინერი პირველი იტალიელია ისტორიაში, რომელიც მამაკაცთა შორის უიმბლდონის ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება კარლოს ალკარასს, რეიტინგის მეორე ნომერს შეეძლო, უიმბლდონის ტურნირი ზედიზედ მესამედ მოეგო, მან 2023 და 2024 წლის გათამაშებების ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. 22 წლის ესპანელმა დიდი სლემის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად წააგო.
შედეგად, 23 წლის იანიკ სინერი 2000 სარეიტინგო ქულისა და 3 მილიონი ფუნტის მფლობელიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ სინერი ალკარასთან როლან გაროსის ფინალში დამარცხდა.