„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ შემოწირულებების მოცულობა უჩენს ეჭვს, რომ პარტიის შემწირველები შესაძლოა მონაწილეობდნენ სისტემურ კორუფციაში.
ორგანიზაციამ იხელმძღვანელა საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელთა მიხედვითაც, 2025 წლის იანვარ-ივნისში „ქართულ ოცნებას“ ₾6,6 მლნ შესწირეს, 6-ჯერ მეტი, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ჯამში.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში პარტიებს შემოწირულების სახით მიღებული აქვთ 7 592 948 ლარი, საიდანაც 87 პროცენტი – 6 573 370 ლარი – „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. თანხის მესამედზე მეტი მოდის აჭარის რეგიონზე – ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ, სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
„დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143,6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
რაც შეეხებათ სხვა პარტიებს. მიღებული შემოსავლების მიხედვით ლიდერობენ „ლელო – ძლიერი საქართველო“, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული „ხალხის ძალა“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები:
· „ქართული ოცნება“ – 6 573 370 ლარი;
· „ლელო – ძლიერი საქართველო“ – 410 125 ლარი;
· „ხალხის ძალა“ – 190 000 ლარი;
· „ნაციონალური მოძრაობა“ – 164 767 ლარი;
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 160 737 ლარი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 37 288 ლარი;
· „ლეიბორისტული პარტია“ – 15 395 ლარი;
· „დროა“ – 13 040 ლარი;
· „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ – 11 145 ლარი;
· „ხალხისთვის“ – 9500 ლარი;
· „კონსერვატორები“ – 6681 ლარი;
· „ევროპელი სოციალისტები“ – 900 ლარი.
საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მის კანდიდატს მერად აირჩევენ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნებია და არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში “ქართული ოცნების” გარდა, დახვდება კიდევ რამდენიმე პარტია, მათ შორის: „ლელო – ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“ და ა.შ.
ფორუმი
