იანვარში ფასების დონემ მოიმატა, წლიურმა ინფლაციამ კი 4.8% შეადგინა – ეროვნული ბანკი

იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ფასების დონემ 1.2%-ით მოიმატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვაში“ აქვეყნებს.
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8%, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა
„ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები:
ინფლაცია – იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.2%-ით მოიმატა.
საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სტაბილურობას ინარჩუნებს. იანვარში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა;
მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება.
საბანკო სექტორი – დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 14.0% შეადგინა;
დეპოზიტების დოლარიზაცია დეკემბერში 0.2 პპ-ით შემცირდა და 47.7% შეადგინა;
დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა 0.5 პპ-ით 42.4%-მდე.
საგარეო სექტორი – იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ დოლარამდე. დეკემბერში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით სამომხმარებლო და შუალედური მოხმარების პროდუქტები მოქმედებდა, თანაბარი 6.9-6.9 პპ წვლილებით;
ექსპორტი – ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (10.4 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (8.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონელი (3.6 პპ კონტრიბუციით).
დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი დაახლოებით 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.