იაკობ ჯანგველაძე: ყველაზე რთული ახლა გლოვა კი არ არის, არამედ ის სიცარიელეა, რომელიც ამის შემდეგ დარჩება, და რომელსაც ვეღარაფერი ამოავსებს

მარკეტოლოგი იაკობ ჯანგველაძე:

ვისაც ოდნავ ჭკუა ეყო, გაჩუმდა. ვისაც ჭკუა არასდროს ჰქონია, მე-2 დღეა პატრიარქის და კიტოვანის/იოსელიანის ფოტოებს დაატარებს ზემოდან ქვემოთ.
ამ ხალხს ჰგონია – რელიგიურობაა საჭირო იმისთვის, რომ პატრიარქის გარდაცვალება გეწყინოს ან ეს ტრაგედია იგლოვო,
არასდროს არ ვყოფილვარ კლასიკური გაგებით “ეკლესიური”, ანუ არ დავდიოდი აღსარებაზე, არ მყავს მოძღვარი, არც კვირაობით შევივლიდი ხოლმე წირვაზე დასასწრებად,
აქ ახალი არაფერია. უმრავლესობა ასე ვართ.
გუშინ, როდესაც ეს ამბავი გავიგე (ცოტა ადრე, სანამ საჯაროდ დაიწერებოდა) პირველი შეგრძნება ის მქონდა რომ –
გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც მთელი ერის (სრული უმრავლესობის) გაერთიანება ერთი სიტყვით შეეძლო.
პატრიარქი იყო უკანასკნელი ავტორიტეტი, რომელსაც ეს შეეძლო. არ მჯერა იმის, რომ ამას მომავალში ვინმე შეძლებს.
ასეთ გარემოში (განსაკუთარებით ქვეყნის შიგნით) მრევლის დაყოფა იქნება უმძიმესი გამოწვევა (და გამოწვევები ისედაც არ გვაკლია).
რამდენი ადამიანისთვის იყო სულიერი სიმშვიდის წყარო? რამდენისთვის იყო შეუფასებელი შეგრძნება, რომ „ვიღაც არსებობს“, ვისაც შეგიძლია ენდო,
არა როგორც პოლიტიკოსს, არა როგორც იდეოლოგს, არამედ როგორც სტაბილურობის უკანასკნელ სიმბოლოს.
ეს არ არის მხოლოდ რელიგიის ამბავი.
ეს არის ინსტიტუტის, ავტორიტეტის და კოლექტიური ფსიქოლოგიის ამბავი.
საზოგადოებებს სჭირდებათ ფიგურები, რომლებიც კონფლიქტს ამცირებენ და არა აძლიერებენ,
ჩვენ წლებია პირიქით ვცხოვრობთ, თითქმის აღარ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ მოუსმენენ.
შეიძლება ვიღაცას არ სჯეროდა, შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდა, მაგრამ ფაქტია – მისი არსებობა თავად იყო ერთგვარი ბალანსი.
დღეს ეს ბალანსი აღარ არსებობს.
ყველაზე რთული ახლა გლოვა კი არ არის,
არამედ ის სიცარიელეა, რომელიც ამის შემდეგ დარჩება,
და რომელსაც ვეღარაფერი ამოავსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ