შარში რომ არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, 26 ოქტომბერს რამე უნდა შევცვალოთ და ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ – ერთადერთი გამოსავალი, რითაც გადაზღვეული იქნება როგორც ერთის, ისე მეორე პოლიტიკური ძალის ერთპიროვნულ მმართველად მოსვლა ქვეყანაში, საჭიროა რომ ბევრი 36 იყოს შემოხაზული არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით დაკარგა.
„შარში რომ არ აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, 26 ოქტომბერს რამე უნდა შევცვალოთ და ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ, თორემ ჩემი აზრით, ნელ-ნელა ყველაფერი გასერიოზულდა ჩვენს თავს, პოლიტიკური თანამდებობის პირების სანქცირებიდან დაწყებული, მოქალაქეების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით დასრულებული. ყველა ეს საკითხი არის გასერიოზულებული და ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ მოახლოებულ არჩევნებს, რომ ეს საფრთხეები, რომლებიც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს და შეაჩერებს ამ ქვეყნის განვითარებას, თავიდან ავიცილოთ.
ჩემი აზრით, შეიცვალა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ვართ ახლა ხალხი, რომლის მთავრობასაც ფაქტობრივად, სერიოზულად არავინ უყურებს. ჩვენ თუ გვინდა რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში, გაჩნდეს პერსპექტივა, შემოვიდეს ინვესტიციები და რაღაცნაირად დავიძრათ ამ მკვდარი წერტილიდან, უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა. ამისთვის საჭიროა ის, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ აიღოს ხმების 50%-ზე მეტი და ვერც კი შეძლოს ვინმეს გადმობირება 50%-ის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მე მგონი, ერთადერთი გამოსავალი, რითაც გადაზღვეული იქნება როგორც ერთის, ისე მეორე პოლიტიკური ძალის ერთპიროვნულ მმართველად მოსვლა ქვეყანაში, საჭიროა რომ ბევრი 36 იყოს შემოხაზული არჩევნებზე,” – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ჩანაწერია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. დოკუმენტში არის მოწოდება საქართველოს მთავრობისადმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებითაც. უფრო კონკრეტულად, რეზოლუციის პროექტის თანახმად, [ევროპარლამენტი] ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.