პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე და კარგია, რომ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით გამოვიდა – ბარიერის გადასალახად არავისთან გავერთიანდებით, ბარიერგადალახულები გვინდა მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ ქვეყნის მოწყობაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „გირჩთან” დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ამასთან, მისი თქმით, „გირჩი“ „ნაცმოძრაობასთან” არ გაერთიანდება. ხვიჩია განმარტავს, რომ გაერთიანება შეიძლება მოხდეს მხოლოდ იდეებთან დაკავშირებით და რომელიმე პარტიაში შესვლას არ განიხილავენ.
„ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და კარგია, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით რომ გამოვიდა. კონკრეტულ საკითხებზე (თანამშრომლობასთან დაკავშირებით) ჩვენ რაც შეგვეხებოდა, ეს იყო ეროვნული ბანკი და დიდი ამნისტიის თემა. თუ ამას გაგრძელება მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან როგორც პარლამენტში, ისე მათ მედიასაშუალებებში, ეს იქნება კარგი პრეცედენტი. შემდეგ თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ამას ექნება ინტენსიური ხასიათი, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი, თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ?
მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა. „გირჩი“ რომ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ყოფილ პრეზიდენტთან წერილის გაგზავნა. დეპუტატი განმარტავს, რომ მისი ინტერესი იყო შეეტყო, ჰქონდათ თუ არა საერთო იდეები, რისთვისაც იბრძოლებდნენ.
„მე ვცდილობდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც და ზეპირსიტყვიერადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი, მინდოდა გამეგო მისი მოზარება რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა მართლა, რისთვისაც ვიბრძოლებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით”,- განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაკვეთის წერტილებს ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც პოულობენ და ამ კონტექსტში “გირჩზე” ისაუბრა.
“ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.
ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.
არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას”,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი გაერთიანება ახლავე მოხდება, “ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.