იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძეს – ბრძანეთ, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა

ბრძანეთ, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, ძალიან დიდი იმედია თითოეული პატიმრისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი პრემიერობის განმავლობაში ამ მიზანს მიაღწიოთ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” თავმჯდომარე მ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ისეთი იდეაა წინასაარჩევნოდ, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის პოპულარული იქნება, საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის კი პრობლემური და მნიშვნელოვანია ასეთ თემებზე პოლიტიკური კონსენსუსი.
„ეს ისეთი ტიპის მიზანია, სადაც ჩვენ თანამოაზრეები ვართ. უფრო მეტსაც გეტყვით. მე დაახლოებით ასეთი ტიპის ამნისტიის კანონპროექტი შევიმუშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან” და ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად. რაღაც ტიპის ვერსია არსებობს და სხვა პარტიებთანაც გავდივარ კონსულტაციას.
ამ იდეას სერიოზულად რომ შევხედოთ, შეგვიძლია საგაზაფხულო სესიაზე დავაინიციროთ ეს კანონპროექტი. მზად ვარ, რომ ეს კანონპროექტი თქვენთან ერთადაც გავიარო ან თქვენს მიერ დამუშავებულში მივიღო მონაწილეობა. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა წინასაარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს საკითხი არ არის წინასაარჩევნო სპეკულაციების ამბავი და არჩევნებამდე ვაგვარებთ კონსენსუსით. ეს იქნება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ძალიან მძლავრი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის.
მე არ დავმალავ ბატონო ირაკლი და ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა, ჩემს შეკითხვაზე პასუხიც ძალიან მომეწონა და თქვენი გამოსვლები, რომელსაც ამ დღეებში ვისმენდით მგონია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის, ბოლო პერიოდში რასაც მე შევსწრებივარ, ყოველ შემთხვევაში, ბატონი ბიძინას შემდეგ, ყველაზე უკეთესი და ოპტიმალური იყო არსებული კონიუქტურის გათვალისწინებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ