პარტია გირჩი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარტია თბილისის მერობის კანდიდატს შიდაპარტიული პრაიმერიზით აარჩევს.
“მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში – ყველა პოზიციაზე. მათ შორის, გავმართოთ პრაიმერიზი თბილისის მერობის კანდიდატზე” – თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატის ადგილი ვაკანტურია, მათ უფრო მეტი შანსი აქვთ ოპოზიციურ სპექტრში შექმნილი ვითარების გამო.
“მეგობრებო, სულ რამდენიმე კვირა დარჩა იქამდე, სანამ ჩვენ ყველა კანდიდატს წარვადგენთ ყველა რეგიონში ამ არჩევნებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ალბათ, რამდენიმე ადგილას უკვე შევსებული გვაქვს და შეტანილი გვაქვს, გამზადებული გვაქვს სიები, რომ შევიტანოთ, მაგრამ ბევრ ადგილას ჯერ კიდევ ვაკანტური გვაქვს ადგილები, ასე რომ შევხედოთ.
ამავდროულად, ბევრ ადგილას, სადაც ვაკანტურია, გვაქვს შანსი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რა საგიჟეთიც ხდება ოპოზიციაში ამ წუთას, რაებს აბრალებენ და როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ერთმანეთს, როგორ არცერთი იდეის გარშემო არაფერი არ იკვრება, და ასევე, ნაცები არ მონაწილეობენ არჩევნებში, აი, ნაცების არჩევნებში არმონაწილეობის შემთხვევაში მეტი შანსი ჩნდება, რომ ყოფილი ქოცამომრჩეველიც შენი ამომრჩეველი გახდეს, თუნცად იმიტომ, რომ ნაცების საფრთხე დღევანდელ დღეს ნაკლებია და ყოფილი ოპოზიციური ამომრჩეველიც, მათ შორის, ნაცური ამომრჩეველიც შეიძლება ჩვენი ამომრჩეველი გახდეს, იმიტომ რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიამ დანარჩენებს უღალატა.
ასე რომ ვთქვათ, ეს გვაძლევს უპირატესობას და შანსს იმისას, რომ ჩვენი კანდიდატები გახდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბევრ რაიონში ერთი ან ორი ადამიანი მაინც გვყავდეს რეალური კანდიდატი, ჩვენიანი, რომელსაც ნდობის და გამარჯვების შემთხვევაში შანსი ექნება, თავისი რაიონის, თავის საკრებულოს ხალხს გააცნოს გირჩი შემდეგი სამი წლის განმავლობაში, შემდეგ არჩევნებამდე საკუთარ რაიონებში. ” – ამბობს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე გამოსცა. ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, მონაწილეობას აპირებს – ლელო-ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის და გირჩი.
ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად მესამე ვადით კახი კალაძე წარადგინა, ხოლო 7 აგვისტოს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა ამომრჩევლებს.
ლელო და გახარია საქართველოსთვის კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს საერთო მერობის კანდიდატის შერჩევის შესახებ.