სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო უკვე იმ ფაზაში იმყოფება, როცა ავტორიტარიზმის გამყარება კანონმდებლობით ხდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის ტექსტს:
„საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით. ის კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო (მაგ., აგენტების შესახებ კანონი) ან რომლის მიღებასაც ახლა აპირებს (მაგ., ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი) ამყარებს წესრიგს, რომელიც ლეგალურია, მაგრამ ლეგიტიმური (სამართლიანი) აღარ არის.
ასეთ პირობებში, აბსურდული ხდება იმის მტკიცება, რომ ავტორიტარიზმთან ბრძოლა კანონდარღვევის გარეშე შესაძლებელია. აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, მოთხოვნა – „იმოქმედე კანონების შესაბამისად“, ნიშნავს „კანონიერად აღიარე უსამართლობა“. სწორედ ამაშია ავტორიტარული სამართლის პარადოქსი.
რა, საბჭოთა კავშირში ან ნაცისტურ გერმანიაში ოპოზიციის დევნა კანონით არ იყო გათვალისწინებული? მაგრამ, ცხადია, ეს არ იყო ლეგიტიმური.
ამიტომ, ქართული ოპოზიციური საზოგადოების ბრძოლა დღეს, ყველაფერთან ერთად, უსამართლო კანონების წინააღმდეგ ბრძოლაცაა.
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ლეგალური და თან სამართლიანი ბრძოლის გარკვეული სივრცე (დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფუნქციონირება, სოციალური კამპანიების და საინფორმაციო ინიციატივების განხორციელება, საერთაშორისო ინსტიტუტებზე აპელირება, ინსტიტუციური – მაგ., ომბუდსმენის – მექანიზმების გამოყენება და სხვა).
მაგრამ როცა ეს სივრცე თანდათან და შეუქცევადად იკლებს, ავტორიტარული კანონებისადმი მოქალაქეობრივი დაუმორჩილებლობა ბრძოლის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა“ – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.