იაგო კაჭკაჭიშვილი – ევროპის სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლებას ვერდიქტი გამოუტანეს

სოციოლოგ, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ევროკომისიამ ანგარიშით თქვა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულია. ამის შესახებ სოციოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
კაჭკაჭიშვილი მიიჩნებს, რომ ეს არის ვერდიქტი, რომელიც ევროპის სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლებას გამოუტანეს.
სოციოლოგის განცხადებით, მმართველი პარტია წლების განმავლობაში ცდილობდა, საკუთარი ამომრჩევლისთვის ეჩვენებინა, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა რეალურად „ქართული ოცნება“ ამ პროცესს აჩერებდა და დასავლეთის მიმართ ნდობას ანგრევდა.
„ასეთი მკაცრი და ხისტი შეფასება საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში არ მიუღია. ეს შეფასება იმდენად ხისტია, რომ ფაქტობრივად მათ თქვეს, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულია. ფაქტობრივად ეს არის ვერდიქტი, რომელიც ევროპის სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლებას გამოუტანეს.
„ქართულ ოცნებას“ მუდმივად ჰქონდა პოზიცია, რომ ისინი აჩერებდნენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს, მაგრამ პროცესი განახლდება 2028 წელს და 2023 წელს „დიდი ალბათობით შევალთ ევროკავშირში“. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნების“ ლოგიკას ასეთი შინაარსი ჰქონდა, რომ ევროკავშირში გავლენას კარგავენ ლიბერალური ძალები, ძლიერდებიან კონსერვატორები. ეს იყო სატყუარა, რომელსაც „ქართულ ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს აწვდიდა“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი თქმით, ამ რიტორიკის პარალელურად, ხელისუფლება შიდა პოლიტიკაში ოპოზიციის დევნისა და პოლიტიკური ველის გაწმენდის ტაქტიკას იყენებს.
კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ამ პროცესის მიზანი შეიძლება იყოს ვადამდელი ს ჩატარება.
„ქართულ ოცნება“ გადაერთო მესიჯზე, რომ სულერთია ევროკავშირი ლიბერალური იქნება თუ კონსერვატიული, საქართველოს მტერია და საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ის შიდა პოლიტიკა, რასაც „ქართულ ოცნება“ მიმართავს – პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაწმენდა ემსახურება იმას, რომ პროდასავლურ ძალებს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა, პარტიები უქმდებიან, ამ დროს დიდი ალბათობით ჩატარდება ვადამდელი არჩევები იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა“, – განაცხადა სოციოლოგმა.
იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ინსტიტუციების კონტროლისა და პროპაგანდის გაძლიერების მცდელობისა, „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს საზოგადოების უმრავლესობის დარწმუნებას, ავტორიტარული მმართველობის მიღებაში.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმისთვის მხოლოდ ინსტიტუტების მიტაცება და პროპაგანდა საკმარისი არ არის — აუცილებელია საზოგადოების ნებაყოფლობითი ლოიალობაც, რაც „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოსდის.
„ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ვერ მოახერხა, ცდილობს, მაგრამ ვერ მოახერხა , არის საზოგადოების უმრავლესობის თანხმობა ავტორიტარულ მართვაზე. ამას ვერ მიარწია „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. იმისთვის, რომ ავტორიტარულმა ხელისუფლებამ თავი მშვიდად იგრძნოს, მას არ ყოფნის არც ინსტიტუტების მიტაცება, არც პროპაგანდა, არც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გამყარება – თუ საზოგადოების უმრავლესობა არ გახადე ლოიალური შენი ძალაუფლების მიმართ, ისე ეს ძალაუფლება იქნება მყიფე“,- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია თავს აარიდებს რეფერენდუმის ჩატარებას 78-ე მუხლის საკითხზე და შეეცდება შედეგის მიღწევას ვადამდელი ს დანიშვნას, მას შემდეგ, რაც პროდასავლურ პარტიებს აკრძალავს.
„ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეფერენდუმის ჩატარებას ურჩევნია, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ, რაც პარტიებს აკრძალავს და ასპარეზზე შემოიყვანს იმ პარტიებს, რომლებიც 78-მუხლის ამოღებას ხმას მისცემენ. მას ურჩევნია შექმნას იმიტაცია მრავალპარტიული არჩევნების და ამ გზით მიაღწიოს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას, ვიდრე რეფერენდუმის გზით“,- აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.