კატარმა ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ ჰაბზე, რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქზე, ზედიზედ ირანის ორი თავდასხმის შემდეგ ირანის საელჩოს სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, ასევე მისი თანამშრომლები, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა.
მანამდე კატარის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულმა კომპანია QatarEnergy-მ განაცხადა, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში ირანმა ორჯერ მიიტანა სარაკეტო იერიში რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქზე, რომელიც კატარის ეკონომიკის საყრდენსა და მსოფლიოში ყველაზე დიდ გათხევადების საწარმოს წარმოადგენს.
ბოლო 12 საათში ირანი ორჯერ დაესხა თავს კატარის თხევადი გაზის უდიდეს საწარმოს
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე დამატებითი ზომებით დაიმუქრა, თუკი ირანი “ამ მტრულ მიდგომას გააგრძელებს.” გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, ირანს კვლავ ჰყავს ელჩი დოჰაში, რომელიც წარსულში ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას.
რას ლაფანი კატარის დედაქალაქ დოჰადან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთშაბათს კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ობიექტზე ირანმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მეორედ მიიტანა, რამაც QatarEnergy-ს განცხადებით, “საკმაოდ დიდი ხანძრები და დამატებით მასშტაბური ზიანი” გამოიწვია.
მოგვიანებით კატარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ირანის იერიშებთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა და დაიმუქრა, რომ თუკი კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაზე მორიგი თავდასხმა მოხდება, აშშ ირანის სამხრეთ პარსის ბუნებრივ ინფრასტრუქტურაზე “მასშტაბურ იერიშს” მიიტანს.
ტრამპი ირანს საბადოზე იერიშით ემუქრება, თუ კატარის ენერგოინფრასტრუქტურას კვლავ დაარტყამენ