თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ – მაღაროელები კობახიძეს მიმართავენ

ჭიათურელი მაღაროელები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავენ, რომ მათი პრობლემით პირადად დაინტერესდეს.
მაღაროელების Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში, ისინი კობახიძე ისინი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ჩვენი ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.
მინდა, ამ პოსტის მეშვეობით, საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრს მივმართო: ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.
კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს. ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე კომპანია პრემიერო.
თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლიათ, მეგობრების გამო თავი გასწირონ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.
ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმემ მიაღწია თქვენამდე?
ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება“, – ნათქვამია მაღაროელების განცხადებაში.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე დღე და შიმშილობის მე-16 დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მოშიმშილეთაგან 2 ადამიანი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმენტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.