„თქვენი დამთავრებაც შეგვიძლია“ — ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლებას მიმართავენ

ჭიათურაში პროტესტის 54-ე დღეა. მაღაროელები 24-საათიანი მორიგეობის რეჟიმში ცდილობენ, რომ ჭიათურიდან მანგანუმის გატანა ვერავინ შეძლოს. ისინი კვლავაც ურყევად ითხოვენ სახელმწიფოს ჩართვას კერძო კომპანიებსა და მაღაროელებს შორის შექმნილ კრიზისში.
„ხელისუფლებასთან მაქვს კითხვა, რატომ იღებთ არჩევნებში მონაწილეობას? რატომ ამბობთ, რომ ქვეყანას უპატრონებთ და მიხედავთ, თუ ხალხის, ქვეყნის პრობლემები არ გეხებათ? თქვენ თუ არ ხართ პასუხისმგებლები ქვეყნისა და ხალხის მიმართ, საერთოდ რაში გვჭირდება ასეთი ხელისუფლება? ან რაში გვჭირდება? რატომ უნდა ჰქონდეს ხალხს თქვენი იმედი? რატომ აწარმოებთ წინასაარჩევნოდ კამპანიებს, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, თუ საერთოდ უფუნქციოები ხართ? თუ ასე ერთეულების და ინვესტორების ხელში უნდა იყოს ყველაფერი და ისინი წყვეტდნენ ქვეყნის, ქალაქის, ხალხის ბედს? […]
მეტიც შეგვიძლია, მეტი ხალხის მობილიზაციაც, თქვენი დამთავრებაც შეგვიძლია იმიტომ, რომ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გეწინააღმდეგებათ თქვენ მოსახლეობა, იმიტომ, რომ გაჭირვებაში მიატოვეთ, ერთეულების ინტერესებს შესწირეთ“, — ამბობს მაღაროელი მერაბ სარალიძე.
ჭიათურელების თქმით, მათთან მივიდა მათთვის უცხო პიროვნება, პაატა მოდებაძე, ახალი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც მუქარის ტონით მუშაობისკენ მოუწოდა, უთხრა, რომ ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა, ახლა ჭიათურასაც მოაგვარებდა, რომ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება მაღაროსთან, რადგან ყველაფერი გაყიდულია. ჭიათურელების თქმით, იგი უპრობლემოდ შედის და გამოდის მერიის შენობაში და მათთვის გაუგებარია, ხელისუფლებამ მიუგზავნა ეს ადამიანი თუ მათ გარეშე მოქმედებს. მასთან ჭიათურელებს დღეს ხმამაღალი დაპირისპირებაც ჰქონდათ.
„მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენ არ განვიხილავთ არც ყოფილ და არც ახალ მენეჯმენტს. ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ ხელისუფლებასთან და ვისაუბროთ პრობლემებზე, ვეძიოთ გამოსავლის გზები. შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ, თავსაც ნუ იმცირებთ და ვიღაცებს ნუ გვიგზავნით. შეიწუხეთ თავი და მოგვაქციეთ ყურადღება და გველაპარაკეთ ადამიანურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს, თქვენ დაგიპირისპირდეთ. თქვენ თუ ხალხის და ქვეყნის გამყიდველები ხართ, ვერც თქვენ ვერ მოგცემთ უფლებას, რომ ქალაქი გაგვიყიდოთ, ხალხი ულუკმაპუროდ და მშიერი დატოვოთ. მოგვაქციეთ ყურადღება, სანამ თქვენთვისაც გვიანი არ იქნება, სანამ თქვენზე არ გადმოვალთ“, — ამბობს სარალიძე.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.