„კორუფცია გარკვეულ ბიზნესთან ერთად არსებობს, თუ სახელმწიფო, ჩინოვნიკი ჩართულია კორუფციაში, ის მარტო ვერ იქნება და ეს კონკრეტულ ბიზნესჯგუფთან ხდება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ივა ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჭყონია გასულ კვირას ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესთან შეხვედრისას კორუფციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ოცნების“ პრემიერმა აღნიშნა, რომ „კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას”. ივა ჭყონიას თქმით, კობახიძის განცხადება სიგნალია კონკრეტულად იმ ბიზნესისთვის, „რომელიც შეზრდილი იყო ხელისუფლებასთან და კორუფციაში ჩართული იყო სახელმწიფო მოხელეებთან ერთად.“.
„როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს ვსაუბრობთ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფციაა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან აქტიურად მიდის განსაკუთრებით ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საუბარი, თუ რა ხდება, ეს არის უბრალოდ ჩვენი ქვეყნის დამცირება, რომ არ ვთქვათ კონკრეტულად ბიზნესსექტორისთვის.
დღეს რაც არის დაწყებული, ალბათ უფრო საჩვენებელი და დასაშინებელია. ეს ყველაფერი რომ ადრე დაწყებულიყო, ჩვენი ქვეყნის განვითარება გაცილებით უფრო სხვა საფეხურზე იქნებოდა.
თურმე ის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიცია ხმამაღლა საუბრობდა და არაერთი ტელევიზია აშუქებდა, რომ სერიოზული პრობლემები იყო [კორუფციასთან დაკავშირებით], ნაჩუქარი ფულები, მამის გადახდილი, ბებიის დანატოვარი და ა.შ. დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამას ხმამაღლა უხსნის ბიზნესს, რომ ცუდია და შემაფერხებელია. დიახ, ეს ასეა, ვუდასტურებ, მაგრამ უნდა მოხდეს თავიდან ბოლომდე ამის ლუსტრირება და ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფული აქვს წაღებული. რა თქმა უნდა, ეს თანხები აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. თუმცა ერთპარტიული მმართველობის დროს ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესთან კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა. კობახიძის თქმითვე, მან ასევე ისაუბრა მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობაზე, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთაზე და აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალურ კონტროლზე.
