„იელთი ჯგუფის“ დამფუძნებლის ელგუჯა თურმანიძის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდებისგან თავის არიდების გზა ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება და განსხვავებული პროექტების შექმნაა.
როგორც მან „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მთავარ აქცენტს კომპანია გალფის ქვეყნებზე, ინდოეთსა და ჩინეთზე აკეთებს.
„ კრიზისული სიტუაცია სულ არის მეტად თუ ნაკლებად, გააჩნია ამას როგორ შევხედავთ. ცენტრალურ ევროპაში, ამერიკაში, თურქეთში, სადაც ტურიზმი ყვავის და მეტ-ნაკლებად მშვიდად გრძნობენ თავს, იქაც კრიზისს ქმნის ბიზნესიც. არ არის აუცილებელი ომი და უბედურება იყოს. თუ ყველა გადაწყვეტს, რომ რუტინულად ერთი და იგივე ნივთი ამზადოს, ეს უკვე კრიზისია. ხშირად ჩვენს სფეროში მოღვაწე კომპანიები ერთნაირ საცხოვრებელ კორპუსს აკეთებენ, ზოგი დიდს, ზოგი ნაკლებად, თუმცა შინაარსი ერთი ჰქონდა. გათვლა იყო, რომ მოვიდა სტუმარი, იქირავა, წავიდა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარსს. კიდევ რა შინაარსის მატარებელია ეს უბანი და მეორე, ვინ იცის იმის შესახებ, რომ შენ ეს გაქვს. თუ ამისთვის არ არის საკმარისი შუააზიელი, უნდა გააგებინო ევროპელს, თუ არც ევროპელია, უნდა გააგებინო ამერიკელს.
ჩვენ გვგონია, რომ დიდი შრომის ფასად ეს კრიზისები ვაქციეთ შესაძლებლობად. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რომელიმე ერთ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს საკმარისი მყიდველი და ბაზრებსაც არ ვუჩივით, ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ახალ-ახალს, რომ თუ რამე მოხდება, სწრაფად შევძლოთ მისი შევსება.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ დიდ სიმძლავრეებზე და იმ ბაზრებზე, რომელზედაც მთელი დასავლელი ბაზრები მუშაობენ, ეს არის ინდოეთი, ჩინეთი, გალფის ქვეყნები, ბრიტანეთი, რომელთა კულტურაა უცხოეთში ინვესტირება და ჩვენ არც თუ ისე პატარა მომხმარებლები გვყავს ბრიტანეთიდან. ლათინური ამერიკიდან და ხმელთაშუა ზღვის პირეთის ევროპული ქვეყნებიდან. გავაქტიურდით ახლა გერმანიაზე და საფრანგეთზე. თუმცა მაინც რომ დავაკონკრეტოდ, დღეს აქტუალურია გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ჩინეთი,“ – განაცხადა თურმანიძემ.
bm.ge
