“თუ ლექტორები არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ აქციებს” – სტუდენტები

სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელის გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი დღეს, 25 იანვარს, აანონსებენ სასამართლოს წინ შეკრებას:
დღეს, 25 იანვარს, დღის 3 საათზე ვიკრიბებით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ.
მხარს ვუჭერთ ჩვენს მასწავლებელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორს – აკაკი ჩიქობავას. ის ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს.
აკაკი ჩიქობავა ჩვენთვის გამორჩეული ლექტორია – არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ლექციები ყოველთვის გამოირჩევა სიღრმით, ენერგიით და იუმორით, არამედ იმის გამოც, რომ ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ეს სასიცოცხლოდ ჭირდება – სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, გამოსახლების პირას მყოფ ოჯახს, გაფიცულ მშრომელს.
აკაკი ჩიქობავას მხარდაჭერა ჩვენ ვნახეთ მაშინ, როდესაც საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს ვითხოვდით. ის იყო ლამის ერთადერთი ლექტორი, რომელიც საჯაროდ და დათქმების გარეშე უჭერდა მხარს ჩვენს ბრძოლას და ჩვენთან ერთად ითხოვდა საერთო საცხოვრებელს სტუდენტებისთვის. ის ჩვენთვის საიმედო საყრდენია, რომლის გამოცლის უფლებასაც არავის მივცემთ.
საცხოვრებლის პრობლემა ჩვენთვის არ არის შორი. სტუდენტებმა ყველაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს უბინაობა, რას ნიშნავს ქირით ცხოვრება, როდესაც შენი ოჯახის შემოსავალი არასტაბილური და მოყანყალეა. ქირის გადასახადელად ჩვენ ვმუშაობთ – ვმუშაობთ, რომ ვისწავლოთ, მაგრამ სამუშაო სწავლისგან გვწყვეტს.
ჩვენ სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვისაც უკანასკნელი თავშესაფრიდან ასახლებენ და სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვინც გულხელდაკრეფილი არ ზის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს გამოსახლების შემზარავობას.
თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ მართლობს, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ ძარცვა-გლეჯა წესია, ხოლო ემპათია და სოლიდარობა კრიმინალია.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება“, -წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!