“თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ” – ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა
სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ანატოლი ტიმოშჩუკმა თავისი ქვეყნის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც მას ყველა ჯილდო ჩამოართვეს.
მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მან “ზენიტი” არ დატოვა და მუშაობა კვლავ პეტერბურგულ გუნდში გააგრძელა.
ტიმოშჩუკმა CAS-ში (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო) სიტყვით გამოსვლისას თქვა:
“ჩემი კარიერის განმავლობაში, უკრაინულ, რუსულ და ევროპულ გუნდებში ვთამაშობდი. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის გულშემატკივრებთან და ჩემს იმჟამინდელ კლუბთან მოვალეობის პატიოსნად შესრულება იყო. როდესაც ფეხბურთის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ფეხბურთი, ისევე როგორც ზოგადად სპორტი, არ
უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ მანიპულირებას. ჩემთვის ფრაზა “ფეხბურთის რეპუტაცია” არ არის მხოლოდ ციტატა UAF-ის კოდექსიდან. ამიტომ, თუ ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტი მადანაშაულებს ასეთ სერიოზულ დარღვევაში, მან უნდა მოგვაწოდოს უფრო მყარი მტკიცებულება, ვიდრე უბრალოდ გაბრაზება და ფეხბურთელების მხრიდან რეაქცია. ჩემთვის ფეხბურთის რეპუტაცია არის რაღაც მეტი, ვიდრე მანიპულირების საგანი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
მხარს ვუჭერ სამშობლოში მშვიდობას და მინდა, რომ ყველა მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიპოვოს კონსენსუსი, რომელიც მშვიდობას აღადგენს. თუ კომიტეტი თვლის, რომ ჩემი დასჯა, რეგალიების ჩამორთმევა და სამწვრთნელო ლიცენზიის ჩამორთმევა ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას, მე მზად ვარ დავთმო ყველაფერი ჩემით.
მაგრამ როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, როგორც ადამიანი, ვისთვისაც ფეხბურთში რეპუტაცია სიტყვებზე მეტია, არ მივცემ არავის უფლებას, გამომიყენონ პოლიტიკური მანიპულირებისთვის”, – თქვა ტიმოშჩუკმა.