„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება, თუ დაიბარებენ.
როგორც ბოკერია ამბობს, მას საგამოძიებო კომისიიდან გამოძახებაზე შეტყობინება ჯერ არ მიუღია.
ბოკერიას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნით „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ დაპირისპირება, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებასა და რეჟიმს შორის, წინა ხელისუფლებასა და „ოცნების“ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებად წარმოაჩინოს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არ უნდა გახდეს მთავარი თემა, რადგან ივანიშვილის რეჟიმს სურს წარმოაჩინოს, რომ აქ გადის მასთან დაპირისპირების „ფრონტის ხაზი“.
„საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან, მე ჯერ არ ვუხსენებივარ. თუ მე არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა საერთოდ ლაპარაკი? არა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩემს როლს ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, მათი პროპაგანდა ამ წლების განმავლობაში ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა და ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებს და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ ბრალდებებს ისროდნენ და დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით.
ამ დროს თუ მერე, მე არ მიძახით მაგ კომისიაზე, ანუ თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებით არჩევთ. თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, ამ კლოუნადაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ლეგიტიმურიც რომ ყოფილიყო, მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას იმ მიზეზით, რა ამოცანასაც ეს ემსახურება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანია.
