“თუ გვისჯით მოგვისაჯეთ, თუ არადა დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს” – რეზო კიკნაძე
სხდომაზე დაწყების წინ სიტყვით ისარგებლა რეზო კიკნაძემ.
სინდისის პატიმარმა ასევე ისაუბრა საქმეზეც, რომელსაც მას და კიდევ 10 პირს ედავებიან და თქვა, რომ ბრალდების მხარეს ისეთი მოწმეები მიჰყავს პროცესებზე, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს.
8 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ აქციაზე მოწმე ამბობს და ჩვენ 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს გვედავებიან – ამბობს კიკნაძე.
“ახლა საქმეს რაც შეეხება, თუ გვისჯით მოგვისაჯეთ, თუ არადა დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს. წინა მოწმეზე მინდოდა მეთქვა, ფაქტობრივად ჩვენი დაცინვა იყო, თვითონ ამბობს, რომ 28 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ იმ აქციაზეო და ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, იმავე წარმატებით შეგეძლოთ მოგეყვანათ ინდოეთ-პაკისტანის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვედავებიან 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს და სხვა თარიღის მოწმე რა შუაშია”, – ამბობს რეზო კიკნაძე.
ამ წუთებში სხდომაზე იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა, რომელიც გუშინ სინდისის 8 პატიმრის საქმეზეც დაიკითხა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა. ზუსტად იგივე თქვა მოწმემ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
