თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
უკვე 19 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. კიდევ ერთი ადამიანი ითვლება ამ დრომდე დაკარგულად.
საძიებო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის საავიაციო ინციდენტთან დაკავშირებით გრძელდება.
11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სამხედრო-სატვირთო ბორტი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. საქაერონავიგაციის ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი განგაშის სიგნალის გამოცემის გარეშე გაქრა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




