თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ მოგება 3-ჯერ შემცირდა

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“ 2023 წელი ₾2.3 მლნ-იანი მოგებით დახურა, მაშინ როდესაც 2022 წელს კომპანიის მოგება 7 მლნ ლარი იყო.
გასულ წელს ბათუმში მდებარე სასტუმროს შემოსავალი 34.6 მლნ ლარი იყო, თითქმის 4 მლნ-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
თუ 2022 წელს კომპანიას 6.7 მილიონიანი საოპერაციო მოგება ჰქონდა, 2023 წელს საოპერაციო საქმიანობა შემცირდა და 2.5 მლნ ლარი შეადგინა.
„სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ “ მართავს სასტუმრო „ეიფორიას“, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია და ასევე ქალაქ ბათუმში რამდენიმე იჯარით აღებულ სხვა სასტუმროს.
„2023 წლისთვის ჩვენს კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა კიდევ უფრო მეტი შიდა თუ უცხოელი ვიზიტორის გამასპინძლება, შესაბამისად საოპერაციო შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა. დადებული იყო სხვადასხვა ჩარჩო ხელშეკრულებები საზღვარგარეთის უმსხვილეს ტურ ოპერატორებთან, ვგეგმავდით აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას, რისთვისაც დავამატეთ კიდეც გაყიდვების ჯგუფში ძლიერი და გამოცდილი კადრები“, – ნათქვამია 2023 წლის მმართველობით ანგარიშში.
კომპანია საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე მართავს შემდეგ სასტუმროებს: „ეუფორია“ (საკუთარი), „ინტურისტ პალასი“, „სქაი თაუერი“, „ბიზნეს ლეჯენდ ჰოტელი“, „ლეჯენდ ჰოტელ ბათუმი“, „სითი ჰოტელი“ და „ეუფორია – აპარტამენტები და რეზიდენცია“.
სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“ არაპირდაპირ ფლობს ცნობილი თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც 8 წლიანი ბიზნეს მოღვაწეობის შემდეგ 2022 წლის 31 მაისს ბათუმში დააკავეს, გამოძიება მას ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებს და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვას ედავებოდა.

ბიზნესმენი საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს, 2015 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო 7 წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი ბათუმში 4 ათასს აღწევს.
ცნობისთვის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციების 95%-ის მფლობელი იყო სს „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ“ (თურქეთის რესპუბლიკა). სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი“-ს ბენეფიციარი მფლობელი არის ფატმა ოზთურქ გუმუშსუ, თურქეთის მოქალაქე. აქციების 5%-ს ფლობენ სხვა აქციონერები, კომპანიის თავმჯდომარე კი გალიფ ოზთურქის მეუღლე კრისტინა გაგარკინაა.
2020 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქციების 100%-ის მფლობელი იყო სს მეტრო თიჯარი ვე მალი იატირიმლარ (თურქეთის რესპუბლიკა). სს მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის ბენეფიციარი მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია.
ფინანსური მაჩვენებელების გაუარესება კოვიდ პანდემიის, ტურიზმის სფეროს გლობალური კრიზისისა და სექტორის არნახული ვარდნის ფონზე მოსალოდნელიც იყო.
„გამომდინარე იქედან რომ პანდემია არ დასრულებულა და ქვეყანა ელოდება კოვიდ შემოტევის მესამე და ასევე შემდგომ ტალღებს, ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე რომ ქალაქში ვმართავთ რამდენიმე სხვადასხვა სასტუმროს, რომელთაგან თითქმის ყველა მათგანი ადაპტირებული იყო როგორც კოვიდ სასტუმრო, მიმდინარე წელსაც სახელმწიფო მომართვიანობიდან გამომდინარე მზად ვართ და ვგეგმავთ შედარებით მცირე ზომის სასტუმროები კვლავ დათმობილი იყოს სახელმწიფოსთვის როგორც უშუალოდ კლინიკურ სასტუმროებად. ასევე ვგეგმავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას და კონკრეტულად ამ გეოგრაფიულ მიმართულებაზე სასტუმრო ექსპანსიის მნიშვნელოვან გაზრდას. პირველ რიგში საუბარია ვიზიტორებზე დან, რადგან მათთვის სასტუმროში შექმნილი გვაქვს ექსკლუზიური პირობები და კვლავ ვაპირებთ მათ განვრცობას“, – ნათქვამია 2020 წლის მმართველობით ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ