თურქეთში 37 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სოციალურ ქსელებში “პროვოკაციული პოსტების” გამოქვეყნება სტამბულის მერის, ექრემ იმამოღლის დაპატიმრების შესახებ.
ამის შესახებ განცხადება X-ზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, სოციალურ მედიაში იდენტიფიცირებულია 261 ანგარიში (62 უცხოეთში), “რომლებიც ავრცელებენ პროვოკაციულ პოსტებს და აღვივებენ კრიმინალსა და სიძულვილს”.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში 4 დღით აქციების ჩატარება აიკრძალა, წუხელ სტამბული, ანკარა და სხვა ქალაქები დემონსტრაციებმა მოიცვა.
იმამოღლუ არის ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სტამბულის არჩეული მერი და მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ზოგიერთი კვლევით რეიტინგებში აღემატება მოქმედ პრეზიდენტ ერდოღანს.
მისი დაკავების შემდეგ ხელისუფლებამ ჩაკეტა გზების ნაწილი რათა ხელი შეუშალოს დემონსტრაციებს და წვდომა შეზღუდა სოციალურ ქსელებზე.
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.
პროკურატურამ ასევე გასცა 100 სხვა ადამიანის დაკავების ორდერი, დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის ირგვლივ და ოთხი დღით აკრძალა აქციები, რათა თავიდან აიცილოს პროტესტი დაპატიმრებების შემდეგ. დაკავებულთა შორისაა იმამოღლუს თანამებრძოლი მურატ ონგუნიც.
ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მოახდინა პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია.
იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტი მიმდინარეობს.
„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ მცხოვრებელს, არამედ (თურქეთის) 86 მილიონ მოქალაქეს“, — თქვა იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ხელისუფლება ხალხის „ნების უზურპაციაში“ დაადანაშაულა.
