თურქეთი და ბელგია „დრონების კოალიციაში“ გაწევრიანებას გეგმავენ

თურქეთმა და ბელგიამ გამოთქვეს განზრახვა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში მოქმედ „დრონების კოალიციას“ შეუერთდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია „დრონების კოალიციის“ თანათავმჯდომარის, ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დრონების კოალიციის“ სამიტზე, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ თურქეთმა და ბელგიამ კოალიციაში გაწევრიანების განზრახვა გამოთქვეს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფორმატის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად დაახლოებით 180 მილიონი ევრო შეიტანეს საერთო შესყიდვების ფონდში, რომელსაც „დრონების კოალიციის“ მეორე ლიდერი, გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება თავად ლატვიას, ქვეყანამ გამოაცხადა, რომ 2025 წელს კოალიციის საჭიროებებისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს, რომელსაც დრონების შესაძენად გამოიყენებენ, კიდევ 10 მილიონ ევროს კი ლატვიისა და უკრაინის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის პროექტებისთვის გამოყოფს.
2024 წლის თებერვალში „დრონების კოალიციის“ შექმნის შემდეგ, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს, კერძოდ, მხოლოდ 2024 წელს ჯამში – 1.8 მილიარდ ევროს ოდენობით, 2025 წელს კი დაგეგმილია დახმარების 2.75 მილიარდ ევრომდე გაზრდა.
ამჟამად „დრონების კოალიცია“ 18 სახელმწიფოს აერთიანებს, ბელგიისა და თურქეთის დამატებით კი მათი რიცხვი 20-ს მიაღწევს.