თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გაფიცული სტუდენტების საპროტესტო პლაკატები დღეს, 10 მარტს, უნივერსიტეტის დაცვამ ჩამოხია სტუდენტების წინააღმდეგობის მიუხედავად.
პლაკატებზე ეწერა: „რუსული დე ფაქტო მთავრობის მშვიდობა“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ და ილიას ფრაზა – „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყოველსა“.
ასევე – „ბრძოლა თავდადებისთვის ჩვენი ვალია“, „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა და გაწყალება იწყება მაშინ, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს“, „ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი“.
როგორც გაფიცულმა სტუდენტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ გვიან ღამით ჩამოხსნეს დიდი ბანერი – „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“.
დღეს კი სხვა პლაკატებიც წაიღეს.
„დაცვამ რეალური სახე გამოაჩინა. თქვენ თვითონ შეაფასეთ, როგორი საქციელია და იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი თსუ-ს დაცვის უფროსის წოდებას.
გამოხატვის თავისუფლებას ხელი შეუშალეს: ტატო სუჯაშვილმა, გიორგი პავლიაშვილმა და გიორგი თავაძემ. რა თქმა უნდა, დანარჩენ დაცვებსაც არ გამოუჩენიათ სიტუაციის განეიტრალების ინიციატივა, მაგრამ ზემოხსენებული 3 პიროვნება გამოირჩეოდა აქტიურობით“, – წერს „თავისუფალი აუდიტორია“, რომელმაც დაცვის სამსახურის მიერ პლაკატების ჩამოხსნის ვიდეო გადაიღო.
„არაფერს არ გაგაკვრევინებთ“, – ეუბნება დაცვის სამსახურის წარმომადგენელი სტუდენტს, რომელიც ეკითხება, რატომ ჩამოხსნეს საპროტესტო შინაარსის პლაკატები.
„ეს არის თქვენი ადამიანობა, ძალმომრეობაზეა ყველაფერი? ჩემი ნივთები დამიბრუნებთ… 30 ჩამოხსნით, 50-ს ჩამოვკიდებთ“, – უპასუხეს სტუდენტებმა დაცვას.
თსუ-ში 16 სტუდენტი 57-ე დღეა პროტესტის ნიშნად გაფიცულია. სტუდენტები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.