თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეაჩეროს.
ეს პოზიცია 4 თებერვალს დაამტკიცეს სენატის – უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს – სხდომაზე, 39 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
თსუ-ს მიერ გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, მიღებულ განცხადებაში წერია:
· უნივერსიტეტების „გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და ამდენად, მიზანშეწონილი“.
· „სენატი მოითხოვს, პროცესის აკადემიურ სივრცეში დაბრუნებას, დიალოგს, უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობას საკითხის შესწავლისას და ავტონომიურობის პრინციპის პატივისცემით გადაწყვეტილების მიღებას“.
· „მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია“.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „დღემდე არცერთ ინსტიტუციას არ მიუღია კონკრეტული კვლევის შედეგები ან ნებისმიერი სხვა სახის დასაბუთება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით განათლების/კვლევის ხარისხის ამაღლების ან/და სხვა შესაძლო პოზიტიური გავლენის შესახებ“.
„გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვლად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაოადგილების შემცირებას“, – მიიჩნევს სენატი.
· 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
· ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
· 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძესთან დებატები მოითხოვა.
· აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
· განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში. რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.
· საუნივერსიტეტო განათლების რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
· 4 თებერვალს სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
· კანონს დაემატა ახალი მუხლები, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები.




