თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები – ვგმობთ „რუსულ კანონს“, რომელიც, როგორც უზარმაზარი კედელი, ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე

ვგმობთ „რუსულ კანონს“ „გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც, როგორც უზარმაზარი კედელი, ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე, – აღნიშნული განცხადება თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა მსვლელობამდე გააკეთეს.
სტუდენტები სოლიდარობისკენ და ერთობლივი პოზიციისაკენ მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მოქალაქეებს, კოლეგებსა და ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებასა და სამართლიანობას.
„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს გვაშფოთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ვგმობთ „რუსულ კანონს“ „გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც როგორც უზარმაზარი კედელი ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე.
ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და არ შეეგუება თავისუფლების და დამოუკიდებლობის რაიმე ფორმით შეზღუდვას, არ ვაპირებთ დავუთმოთ ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით ნაჟღენთი ქვეყანა და მამული ჩრდილოელ დამპყრობელს.
როგორც მომავალი ექიმები ვდგავართ და ვიდგებით, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვინაიდან ჯანმრთელობა ნიშნავს ადამიანის სრულ, ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთლიდღეობას, ამ პროცესში ჩვენ როლს განსაკუთრებულად აღვიქვამთ.
მივმართავთ აქციის მონაწილეებს, პოლიციელებსა თუ აქციაზე მყოფ ნებისმიერ პირს, ვუერთდებით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მზად ვართ გაგიწიოთ პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ამოცნობას აქციაზე შეძლებთ თეთრი ხალათებით, თეთრი სამკლაურებით და სხვადასხვა სპეციალური ნიშნებით.
მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოუწოდოს შესაბამის ორგანოებს, საკუთარი სტუდენტებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და დაადასტურონ ის, რომ ეს უნივერსიტეტი იმ იდეით აგრძელებს ფუნქციონირებას, რა იდეითაც დაიბადა.
მიგვაჩნია, რომ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს და არ ვუშინდებით ამ პროცესის საწინააღმდეგო ნებისმიერ ძალას, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს და ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას.
მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ და ერთობლიცი პოზიციისაკენ ყველა სტუდენტს, პროფესორს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს კოლეგებსა და ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებასა და სამართლიანობას“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.