უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების საკითხს. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის საბჭო ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მოგეხსენებათ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ერთ-ერთი ძვირფასი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ მისი ხელმძღვანელი, რექტორი იყოს ღირსეული ადამიანი, ღირსეული პროფესიონალი, ამ შემთხვევაში კანდიდატი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ბატონი ტიტე აროშიძე, გახლავთ ერთ- ერთი გამორჩეული და ღირსეული პროფესიონალი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ბათუმის უნივერსიტეტის განვითარებას.
უშანსოდ არიან დარჩენილები კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადასაწყვეტია, ცდილობენ ხოლმე წამოწიონ ისეთი საკითხები, რომელიც მათ შედეგს ახსნის წინსწრებით.
ამიტომ, თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, რა თქმა უნდა, შესაბამისი მიმართვა უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენ ვერ ვნახეთ, თუმცა უნივერსიტეტი წარმოადგენს ავტონომიურ დაწესებულებას და დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ კანდიდატზე შეაჩერებს გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის გრძელვადიან განვითარებას როგორც პროფესორების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ასევე, რა თქმა უნდა სტუდენტებზე მაქსიმალურ ზრუნვას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 14:00 საათზე გაიმართება.
რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძეა.