თორნიკე მამალაძე: ვიბრძოლებთ, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა – თუ ვინმე ამას მუქარად მიიღებს, მათი პრობლემაა

ვიბრძოლებთ, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა – თუ ვინმე ამას მუქარად მიიღებს, მათი პრობლემაა,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის, ძმამ, თორნიკე მამალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც ამ 7 წლის განმავლობაში დაგროვდა შეძლებისდაგვარად გაეცემა პასუხი.

„ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, პირიქით, ახლა გაათმაგებულად ვიბრძოლებთ. ღია, გამჭვირვალე პროცესი იქნება. პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც ამ 7 წლის განმავლობაში დაგროვდა შეძლებისდაგვარად გაეცემა პასუხი. არავის წინააღმდეგ არ ვაანონსებ {სამართლებრივ ბრძოლას}. მე ვაანონსებ იმის წინააღმდეგ ვინც, ჩემს ძმას ეს ყველაფერი მოუწყო. ჩემთვის მთავარია, ჩემი ძმის უდანაშაულობა დამტკიცდეს. ჩემს ძმას ფეხზე დავაყენებ და შემდეგ გავაგრძელებთ ბრძოლას. არასდროს არავის წინააღმდეგ არ წავსულვართ, არ წავალთ. ვიბრძოლებთ, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა სრულიად უდანაშაულოა. თუ ვინმე ამას ჩათვლის ვინმეს საწინააღმდეგოდ, ან ვინმე მუქარად მიიღებს მათი პრობლემაა“,-აღნიშნა მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.