სინდისის პატიმრების პროცესი სასამართლოში გრძელდება. როგორც გაირკვა, პოლიციელი ლევან ბასილაძე, რომელმაც რამდენიმე ბრალდებულთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, თორნიკე გოშაძის ბინის ჩხრეკასა და დაკავებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ბასილაძეს კითხვებით თორნიკე გოშაძემ მიმართა და ჰკითხა, თუ “რაში დაჭირდა ტყუილი, რომ ის წყალკანალიდან იყო მისული და არა პოლიციიდან.“
გოშაძე: ბატონო ლევან, გქონდათ თუ არა ვიდეო გადაღება ჩართული, როდესაც შემოხვედით?
მოწმე: კი, რამდენადაც მასხოვს
გოშაძე: რატომ არავინ გააფრთხილეთ, ეზოში როცა შემოხვედით?
მოწმე: დაკავების დროს წინასწარ არ ვაფრთხილებთ-ხოლმე
გოშაძე: რაში დაგჭირდათ ტყუილი, როცა შემოხვდეით, რომ წყალკანალის თანაშრომელი იყავით და არა პოლიციელი
მოწმე: არ მითქვამს
გოშაძე: საქართველოს დროშას, რომელიც ამოიღეთ, რაიმე ძალადობრივი წარწერა ჰქონდა?
მოწმე: არ მახსენდება შინაარსი, მაგრამ რაღაც წარწერები ჰქონდა
გოშაძე: ახლაც ხომ არ გაქვთ სურვილი, როგორც განყოფილებაში გქონდათ სურვილი, სახეში შემოგერტყათ?
მოწმე: მსგავსი სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა
მოწმეს კითხვები ადვოკატმა, ნინო ლომინაძემაც დაუსვა:
ადვოკატი: როდესაც თქვენ მიხვედით სახლში თორნიკე გოშაძესთან [დაკავების დროს] რატომ გახდა საჭირო, რომ პოლიციელებს პოლიციელის ფორმის ნაცვლად GWP-ის ფორმა ცმოდათ?
მოწმე: არანაირი ეგეთი ფორმა არ ყოფილა… პოლიციელები პოლიციელების ფორმებით იყვნენ… თქვენ მეუბნებით, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე მივედი როგორც გამომძიებელი და GWP-ის ფორმა მეცვა?
ადვოკატი: GWP-ის ფორმა გეცვათ თუ არა?
მოწმე: არა არ მეცვა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ფორმა მეცვა
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.