თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 8 პირის განაჩენი ძალაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულების საბოლოო სიტყვას მოუსმინეს.
დღევანდელ პროცესზე თორნიკე გოშაძემ თქვა:
„მე არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი. იმას ვგულისხმობ, რომ არაღიარება და მოუნანიებლობა პრინციპულობაა, რომელიც არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებისა და დაბრალების უფლებას არ მაძლევს. რაც შეეხება შეწყალებას, ამ შემთხვევაში ჩემს პოზიციას შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის დაარქვათ. შესაწყალებელ გრაფაში აუცილებელი მოთხოვნა რომ არ იყოს აღიარება და მონანიება, მე მაგ შემთხვევაშიც არ ვითხოვდი შეწყალებას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ეს ე.წ. ხელისუფლებაა და ყაველაშვილი მათი პრეზიდენტი.
მე არ ვიცი, მას ვინ რა უფლება-მოვალეობა მიანიჭა, მაგრამ ჩემი შეწყალების უფლება არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე მას ამის უფლებას არ ვაძლევ. დანარჩენს კი რაც შეეხება, როგორ უკითხავად, იძულებითაც გამიშვეს პატიმრობაში, ისევე უკითხავად შეუძლიათ ჩემი ციხიდან გამოშვება. ჩემი ნება არ არის და არც არასდროს იქნება [შეწყალების თხოვნა]… ბატონო მოსამართლევ, მე არ ვაფასებ სისხლის სამართლის საქმეს თქვენს წიგნში ჩაწერილი კანონებით…
თქვენს წიგნში ბევრი რამის ჩაწერაა შესაძლებელი, მაგალითად, მუხლის, რომელიც ტროტუარზე დგომის აკრძალვას ითვალისწინებს, ხოლო ლოგიკა არის დაუწერელი… მე თუ მივიჩნევ, რომ ორგანიზებული ჯგუფისთვის აუცილებელია ჯგუფში მოხსენიებული პირების ურთიერთკავშირი და შეთანხმება, ეს იმიტომ არ ვიცი, რომ თქვენს წიგნში წერია…
მე თუ ვიცი, რომ კაცის კვლა, მოპარვა და ყაჩაღობა არ შეიძლება, იმიტომ არ ვიცი, რომ წიგნში ვიღაცამ დაწერა, რომ პატიმრობით უნდა დაისაჯოს, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. შესაბამისად, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი სიტყვა შესაძლოა, ამ მუხლებსა და პუნქტებზე არ არის დამყარებული – შესაფერისი ცოდნა და განათლება არ მაქვს – ის, უბრალოდ, ლოგიკაზე, სიმართლესა და ფაქტებზეა დამყარებული…
მე მაქვს ასეთი შემოთავაზება, სცადეთ და ადამიანი მოძებნეთ, რომელიც გეტყვით, რომ დაკავებამდე ჩემთანაც ახლობლობდა და რომელიმე სხვა ბრალდებულთანაც. იქნება მიხვდეთ, რამდენად არარსებულ ბრალთან გაქვთ საქმე… უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორი რთულია, ვერ მონახო ადამიანთან საერთო ნაცნობი.
ისიც წარმოიდგინეთ, რამდენად პატარაა თბილისი და ამ შემთხვევაშიც ვერ გამონახო ვერანაირი ნაცნობი. ბარემ ისიც წარმოიდგინეთ, რამდენად პატარაა გლდანი, სადაც მთელი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე; ერთ-ერთი ბრალდებული პირი გიორგი გორგაძეც გლდანში ცხოვრობს და მასთანაც კი ვერ ვნახე ვერავინ ნაცნობი, ვინც ერთმანეთთან დაგვაკავშირებდა…
ვერ გამიგია, რას ნიშნავს ჯგუფი, როცა შეთანხმებულად კი არა, შემთხვევითაც არ ვიცნობ არცერთ მათგანს, არსად შევხვედრილვარ და ერთი სიტყვაც კი არ მსმენია არცერთ მათგანზე. რაღაც აზრიანს რომ მაბრალებდნენ, შესაძლებელია, დავფიქრებულიყავი კიდეც, მართლა ხომ არ დავაშავე რამე-მეთქი, მაგრამ იმდენად უაზრო ბრალდებაა, იმდენად შეუსაბამო და არარსებული, ჩემი არაღაირება კი არა აღიარება უნდა გაგიკვირდეთ.
მე რომ მოსამართლე ვიყო და ასეთ სისხლის სამართლის საქმეზე ვყოფილიყავი, ბრალდებული ამდგარიყო და ეთქვა, რომ აღიარებს და მოინანიებს, შეიძლება, მეთქვა – ხომ არ გაგიჟებულხარ, არაფერი დაგიშავებია-მეთქი… ჩემი ინფორმაციით, საქმეში ნივთმტკიცება არის კონკრეტული ნივთი, რომელიც შეიცავს რამე სახის ინფორმაციას კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით ან პირდაპირი მტკიცებულებაა ამ დანაშაულის. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა სახის ინფორმაცია მიაწოდა თეთრმა ფეხსაცმელმა, შავმა შარვალმა…
საქართველოს ეროვნულმა დროშამ მოსამართლედ წოდებულ თამარ მჭედლიშვილს; არც ის ვიცი, რა სახის ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ხსენებულ ნივთებს თქვენთვის. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, თუ როგორი სტილი, გემოვნება მაქვს…
ბატონო მოსამართლევ, არც ის ვიცი, რა სახის ინფორმაციას გაწვდით ვიდეო, რომლის არც გადამღები ვიცით, ვინ არის… არც ქმედება [ჩანს], არც ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი, ზარალი; ვიდეო მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ხსენებული ნივთები, რომლებიც ნივთმტკიცებების სახელითაა წარმოდგენილი, მართლაც, ჩემი საკუთრებაა და თუ პროკურატურა ამ ნივთების მესაკუთრეობას მედავება, მინდა, გითხრათ, რომ ამის აღიარებისთვის მზად ვარ. მეტიც, დროშა, რომელიც არა ჩემი, არამედ დედაჩემის საკუთრებაა, შემიძლია, საკუთარ თავზე ავიღო…“




