„თირკმელების გაცვლა“ – აშშ-ში ორი ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გადაარჩინეს

აშშ-ში ორ ოჯახს შორის თირკმლების გაცვლა შედგა. ილინოისში მცხოვრებ ტონი გონზალესს სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი თირკმელი არიზონელი ჯოელი სანდერსისგან გადაუნერგეს, ხოლო გონზალესის მეუღლის, ტრეისის თირკმელი გადაუნერგეს სანდერსის ძმას, ფრენკ პომპას.
„გარდიანის“ ცნობით, ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა ჯოელი სანდერსის ძმას, ფრენკს უთხრეს, რომ მისი თირკმელი მხოლოდ 10%-ით ფუნქციონირებდა. მკურნალობის პარალელურად, მას ესაჭიროებოდა თირკმლის ტრანსპლანტაცია. ძმისთვის თირკმლის გადანერგვა ჯოელი სანდერსს სურდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი თირკმელი ფრენკისთვის არ იყო შესაფერისი. „იმედგაცრუებული ვიყავი, ვფიქრობდი, ახლა რაღა ვქნათ-მეთქი?“, – იხსენებს იგი.
ამასთან ერთად, ჯოელი „მიხვდა, რას შეიძლება ნიშნავდეს თირკმლის ტრანსპლანტაცია იმისთვის, ვისაც ეს სჭირდება“. ქალს მაინც სურდა, ვინმეს დახმარებოდა და არიზონას ქალაქ ტაქსონში არსებულმა ჰოსპიტალმა დაადგინა, რომ მისი თირკმელი შესაფერისი იყო ილინოისელი ტონი გონზალესისთვის.
გონზალესების ოჯახმა, თავის მხრივ, ისიც გაიგო, რომ მათი დონორის ძმასაც სჭირდებოდა თირკმლის გადანერგვა. აღმოჩნდა, რომ ტონი გონზალესის მეუღლის, ტრეისის თირკმელი შესაფერისი იყო ფრენკ პომპასთვის. ამგვარად, ორი ოჯახის წევრებმა თირკმელები „გაცვალეს“.
ოპერაციების შემდეგ ისინი ერთმანეთს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრნენ. „თქვენ ჩემი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინეთ, ახლა მასთან კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს [მომავალში]. მადლობას გიხდით“, – უთხრა ტრეისი გონზალესმა ჯოელი სანდერსსა და ფრენკ პომპას.
თავად ტონი გონზალესმა, წერს „გარდიანი“, უხერხულობა იგრძნო, როცა ფრენკ პომპმამ მას „ბატონი გონზალესით“ მიმართა. „თქვენთვის ტონი. ახლა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული“, – უთქვამს მას.
გარეკანის ფოტოზე: ფრენკ პომპა და მისი და, ჯოელი სანდერსი.

ასევე დაგაინტერესებთ