თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს – მას, როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, ეს უსაფრთხოებისთვის ცალკე პრობლემაა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გახდა. შალვა პაპუაშვილმა ხიდაშელი ანტიჩინური განწყობების გაღვივებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნა, რომ ის, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნულ ინტერესებსაა აცდენილი. პირველი კანონმდებლის თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.”
“რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი, “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია, აქაც იმ პრობლემას რომ ვუბრუნდებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან “ენჯეო” სექტორში და, სინამდვილეში, პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია, ის ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. ჰკითხეთ მას საჯაროდ, მაინტერესებს, ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა? რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს? საინტერესოა, რადგან საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, ახლა რომ არის ლობიზმით დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, მგონი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ თინა ხიდაშელი ამბობს, რომ თუ მისი ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” კითხვები აქვს, შეუძლიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართონ.