ეს “ერთი კაცის შოუები”, რომელსაც მუდმივად ვაკვირდებით, ვუყურებთ ყველა ხელისუფლებასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, უმრავლეს პარტიებთან მიმართებაში, რაღაცნაირად, აღარასდროს მთავრდება. ხომ შეიძლება, საკუთარ თანაგუნდელებს მაინც სცე პატივი და ასეთი განცხადებები არ აკეთო? – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
ხიდაშელის ნეგატიური შეფასება გიორგი გახარიას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტში არ შესვლას შეცდომად მიიჩნევს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს არის მიუღებელი განცხადება, რადგან გადაწყვეტილება გახარიას ინდივიდუალურად არ მიუღია.
“მე პირადად არ მომისმენია გიორგი გახარიას განცხადებები, ცოტა ხნის წინ წავიკითხე რამდენიმე ნაწყვეტი მისი ინტერვიუდან, მაგრამ თუ მან თქვა, რომ პარლამენტში არ შესვლას ის თვლის შეცდომად, მე აქ მაქვს პრობლემა და არა მისი ქვეყნის გარეთ ყოფნასთან. მის ამ განცხადებასთან მაქვს პრობლემა მინიმუმ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია ინდივიდუალურად და მარტოს. როგორც ჩანს, იმავე ინტერვიუში ამბობს, საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩემი პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებასო, მინიმუმ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს პოზიცია უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი, სანამ ის ამ ტიპის განცხადებას გააკეთებს.
ამბობს, რომ შეცდომა იყო და იქვე ამბობს, რომ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებასო – ეს “ერთი კაცის შოუები”, რომელსაც მუდმივად ვაკვირდებით, ვუყურებთ ყველა ხელისუფლებასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, უმრავლეს პარტიებთან მიმართებაში, რაღაცნაირად, აღარასდროს მთავრდება. ხომ შეიძლება, საკუთარ თანაგუნდელებს მაინც სცე პატივი და ასეთი განცხადებები არ აკეთო? ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. უბედურებათა უდიდესი ნაწილიო, რაც გვჭირს, ამ დამოკიდებულების გამო გვჭირს პოლიტიკურ სპექტრში”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნება” ქვეყანაში საბჭოურ დიქტატურას დაამყარებს.
“მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ “ქართულ ოცნებას” ექნება მცდელობა, ამ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს, პირდაპირი, სწორხაზოვანი, საბჭოური დიქტატურა დაამყაროს და სამწუხაროდ, როდესაც ის ამისთვის ემზადება, ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ემზადება იმისთვის, რომ 5 ოქტომბერს დილით პრესკონფერენციები გამართონ ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთს დააბრალონ ის, რაც 4 ოქტომბერს მოხდება. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელშიც ვიმყოფებით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
