საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ უნგრეთი არის ევროკავშირში პრეზიდენტი ქვეყანა – ამით ისარგებლეს, ჩავიდნენ ბუდაპეშტში, დაესწრნენ სამიტს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილი აჭამეს ქვეყანას, რადგან არ გვინახავს არც ერთი ხელის ჩამორთმევა არცერთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერთან, – ასე შეაფასა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში პრემიერ-ირაკლი კობახიძის უნგრეთში სამუშაო ვიზიტი.
როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, 7 ნოემბრის სამიტი უნდა ყოფილიყო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების კალენდარზე საუბრის სამიტი, რეალურად კი „მივიღეთ საქართველოს პრემიერთან ხელის არ ჩამორთმევის სამიტი“.
„საქართველოს ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ უნგრეთი არის ევროკავშირში პრეზიდენტი ქვეყანა, სხვათა შორის, პრეზიდენტობა ანბანის თანმიმდევრობით დგება, ეს რომ ვიცოდეთ და ვინმე რომ არ დაიჯეროს, თითქოს უნგრეთი რამე მიღწევების გამო გახდა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა. ანბანით მოუწია და ამიტომ გახდა პრეზიდენტი ქვეყანა. ამით ისარგებლეს, ჩავიდნენ ბუდაპეშტში, დაესწრნენ სამიტს და კიდევ უფრო დიდი სირცხვილი აჭამეს ქვეყანას, რადგან არ გვინახავს არც ერთი ხელის ჩამორთმევა, არც ერთ დემოკრატიული სამყაროს ლიდერთან. არჩევნების შემდეგ ასეთ ღონისძიებაზე ჩასულ პრეზიდენტებს ულოცავენ, ტაშით ხვდებიან. 7 ნოემბრის სამიტი უნდა ყოფილიყო საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების კალენდარზე საუბრის სამიტი და რეალურად მივიღეთ 2024 წლის 7-8 ნოემბერი საქართველოს იქ მყოფ პრემიერთან ხელის არ ჩამორთმევის სამიტი“,- განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც 2003 წელს ყოფილმა პრეზიდეტმა ედუარდ შევარდნაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ასლან აბაშიძემ.
„ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს კითხვა არ დგას დღის წესრიგში. ეს თემა დახურულია, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ამ სიყალბეს და სამართლებრივი მექანიზმებით არ შეცდება ვითარება გამოასწოროს, ამის პარალელურად უკან თუ არ გაიწვევს იმ კანონებს, რაზეც საუბარია. არავინ არაფერზე არ გვეჭიდავება. დღის წესრიგში არ არის საქართველოს საკითხი. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც 2003 წელს დაგვმართა ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძის რეჟიმმა. იმის ნაცვლად, რომ 2003 წელს არჩევნები დემოკრატიულად ჩაეტარებინათ, გააკეთეს რაც გააკეტეს, ამან კი გამოიწვია „ვარდების რევოლუცია“.
ძალიან მეშინია, რომ 20 წლის თავზე ზუსტად იმ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ 2004 წელს კორუმპირებულმა შევარდნაძე-აბაშიძის მმართველობამ მიგვიყვანა 2004 წელს. საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ 2004 წელს გაფართოების ნაწილი ყოფილიყო აქ რომ დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო. ზუსტად იგივე საფრთხის წინაშე ვართ ახლა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
საგარეო ურთიერთობების კონტექსტში, ხიდაშელმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც ისაუბრა. ხიდაშელისთვის გაუგებარია – რა უხარია „ქართულ ოცნებას“.
ამავე კონტექსტში, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ის წითელი ხაზი, სადაც სერიოზულ პრობლემას შეიქმნის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.
გარდა ამისა, ხიდაშელმა ჩამოთვალა ის წითელი ხაზები, რასთან დაკავშირებითაც „ქართულ ოცნებას“ ტრამპის ადმინისტრაციასთან პრობლემები შეექმნება.
„საერთოდ, გაუგებარია რა უხარიათ [ქართულ ოცნებას] ან რისი მოლოდინი აქვთ. მე მესმის საკუთარი ამომრჩევლის წინაშე საკეკლუცოდ დღეს ეს პოზა სჭირდებათ, რადგან წინა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს ამბობდნენ, რომ საქართველოში არჩევნებით ჩვენ დავრჩებით ხელისუფლებაში, შემდეგ ამერიკის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, ლიბერალური დემოკრატია დამარცხდება, ოღონდ რანაირი ამერიკაში მოდის ტრამპი მაინტერესებს. ამით მმართველობის ფორმა იცვლება, დიქტატურა მყარდება თუ რა ხდება?
დიახ, “რესპუბლიკური პარტია” ამერიკაში არის კონსერვატიული მემარჯვენე ძალა და მერე რა? რომელიმე რესპუბლიკელი სენატორისგან ან კონგრესმენისგან გაგვიგია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე რამე პოზიტიური? – რა თქმა უნდა, არა.
ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მმართველობის დროს რა ხდებოდა აშშ-საქართველოს ურთიერთობაში: ეს იყო პირველი და უკანასკნელი ადმინისტრაცია, როდესაც აშშ-ს ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირმა [მაიკ პომპეომ] თითი დაგვიქნია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან [დავით ბახტაძე] პრესკონფერენციის დროს. პრემიერს უთხრა, რომ არ გაბედო ანაკლია აჩუქო რუსეთს ან ჩინელებს. არ გაბედო საქართველო ამ საფრთხის წინაშე დატოვო! სხვა ასეთი შემთხვევა ჩვენ არ გვქნა, ეს არის ფაქტი.
მეორე შემთხვევა, ვინც ტრამპის საარჩევნო კამპანიას უსმენდა არაფერზე არ ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც ირანთან დაკავშირებით. ტრამპის დღის წესრიგში არცერთი საკითხი არ ყოფილა, როგორც წითელი ხაზის გავლება ყველასთან, ვინც ირანთან პარტნიორობას აპირებს. საქართველოს ხელისუფლების ეს შური-მური ირანის ხელისუფლებასთან არის ძალიან სახიფათო ამ გზაზე. საქართველოს ხელისუფლება იმ მცირე ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც გაფრთხილებას მიიღებს.
მესამე, ეს არის ჩინეთი. მარტო ტრამპის არა, სრულიად რესპუბლიკელების მეორე დიდი წითელი ხაზი არის ჩინეთი. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იქნება ის წითელი ხაზი, სადაც სერიოზულ პრობლემას შეიქმნის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.
12 ნოემბრიდან, როდესაც კონგრესი და სენატი შეიკრიბება, პირველი ამოცანა საქართველოსთან მიმართებაში რასაც ველოდები, არის ორი აქტი, რომელიც დევს ამ ორ პალატაში და ელოდება კენჭისყრას : „მეგობარი აქტი“ და „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“. ეს აქტები ვისი ინიციირებულია? – რესპუბლიკელების. ვინ არის აქტზე ხელმომწერი ის ერთი კონგრესმენი, რომლის ინიციატივითაც დაინიცირდა აქტი? – კონგრესმენი ჯო უილსონი“,- განაცხადა ხიდაშელმა.