თინა ხიდაშელი: რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!

“გამორჩეულად შთამბეჭდავი და დიდებული 2024!
მე არ მინახავს 1918 წლის საქართველო! არც დიდგორს მოვსწრებივარ! თოფი არ მჭერია 1924-ში, და 1978-ში მხოლოდ 5 წლის ვიყავი….
მაგრამ კარგად მახსოვს ეროვნული მოძრაობის დასაწყისი. აზვირთებული, ფეხზე მდგარი საქართველო!
კარგად მახსოვს არა მხოლოდ ქუჩა და რუსთაველის გამზირი, არამედ ჩვენი სამფერა დროშები თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, სკოლებში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში…. ყველგან სადაც ქართველი კაცი და ქალი ფეხს ადგამდა, სადაც სიტყვა ეთქმოდა, სადაც ბრძოლით მოპოვებულის გამაგრება ჭირდებოდა … ყველა ადამიანი მახსოვს, რომელიც ბედავდა და ემიჯდენობდა სისტემას, ემიჯნებოდა ჯალათებს …
მერე ყველაფერი რაც მოხდა სწორედ იმ 80-იანებში დაწყებული ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ეტაპები იყო, განგრძობითი ბრძოლა თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის, იგივე თაობა, იგივე ადამიანები …
2024 სრულიად სხვა წელი იყო! ახალი დიდებულების დასაწყისი, ახალი თაობა, ახალი აღმაფრენა, ახალი სიმბოლიზმით სავსე, სხვა სილაღე, სხვა ბრწყინვალება!!!
თუკი 23-ის გაზაფხულის აქციების დროს ვინმეს ეგონა რომ ხალხი ქუჩაში სპონტანურად, ემოციურად, აფექტურად გამოვიდა, 2024-მა პასუხი გასცა ყველაფერს.
ჩვენ 2024-ის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ თავიდან დავიბადეთ როგორც ერი, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლთა ერთობა!
ამ პატარა გოგო-ბიჭებმა თავიდან შეგვმოსეს, შეგვკაზმეს საქართველოს ბრწყინვალებით, დიდგორის ხმალი დააბრუნეს, 1918 წლის დამოუკიდებლობის განაცხადი, 1924 წლის თოფი შემართეს თავისუფლებისთვის და აჯანყდნენ, და ჩვენც აგვაჯანყეს, კიდევ ერთხელ მოგვიხმეს ქუჩაში!
საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლთაგან ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია ისევ რუსთავეზე ვდგავართ, არსად წავსულვართ, მაგრამ ბრძოლა რომელიც გაზაფხულზე დაიწყო სწორედ იმ 80-იანების ეროვნული მოძრაობასავით უცებ ამოიზარდა, თითქოს მოულოდნელადაც კი, ბევრისთვის სასიამოვნო გაოგნებად, ბედნიერებად იქცა. ჩემთვის ასეა!
2024 წელი საუკეთესო წელია ბოლო ოცწლეულში, ყველაფერი ცუდი, მძიმე, ტრაგიკული რაც წელს იყო მეასე ხარისხოვანია იმ აღმაფრენებასთან რაც გორგასლის ხელში ხუთჯვრიანი დროშის აღმართვამ, ან რუსთაველზე ქალების შესრულებულმა ხორუმმა, ან ილიას და აკაკის წინ დადებულმა სამშობლოს ერთგულების ფიცმა მომანიჭა …
ვერავინ ჩამოთვლის ბედნიერების და ბრწყინვალების წუთებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ 2024-ში.
მხოლოდ სინანულით შეიძლება გამახსენდეს ის ხალხი ვისაც ეს არ უნახავს, ვინც ვერ შეიგრძნო, ვერ დაინახა, ვერ აღფრთოვანდა…
ვინაიდან სწორედ ეს წუთებია სამშობლო! ამგვარი წუთების შემდეგ ხდება დროშა და ჰიმნი შენი იდენტობის ნაწილი, სწორედ ამ წუთებგამოვლილს შეგიძლია ყველგან სიამაყით შენთან ერთად ატარო შენი სამშობლო და დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში როცა გკითხავენ ვინ ხარ “მე ქართველი ვარ” სიამაყით და ერთგვარი მედიდურებით აღმოგხდეს!
მადლობა 2024-ისთვის!
მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა დროის ქართველთა დროშის ამაყად ტარებისთვის!
რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!” – წერს სოციალურ ქსელში .