თინა ხიდაშელი – რაც ყაველაშვილმა მოგვიყვა, არასერიოზულია, მნიშვნელოვანია, რაც მოხდა ბაქოსა და ერევანში და არ მოხდა თბილისში – რაც შეეხება დებატებს, , სადაც შეგიძლია პოლიტიკურად გალახო, უნდა გალახო – მოვიდეს ერთი ერთზე და სადაც უნდა, შევხვდები

ეუთო-ს მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, სამწუხაროდ, კიდევ ერთი აგური იქნება ამ დამძიმებულ ვითარებაში, – ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტთა მისიის მუშაობის დაწყება.
ხიდაშელის შეფასებით, მსგავსი ტიპის დოკუმენტების დაგროვება ქვეყნის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს და შესაძლოა, დიდი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველო „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვოს.
მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტები წარსულშიც არაერთხელ მომზადებულა, თუმცა ოფიციალური თბილისი ხშირად აცხადებდა, რომ დასკვნებს ყურადღებას არ აქცევდა.
„ეუთო-ს მისიას ორი ამოცანა აქვს: მოიძიოს უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებები პროცესების შესახებ, რომელიც ქვეყანაში განსაკუთრებით გასული წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს. იმ ფონზე, როდესაც ახლა მიმდინარეობს ახალი პაკეტის განხილვა ესეც იქნება მისიის ინტერესის საგანი, რადგან ის ამძიმებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, როგორც მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.
მეორე არის დოკუმენტი, რომელიც იქნება რეკომენდაციების ნაკრები პოლიტიკის გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს ეუთო-მ. მსგავსი ძალიან ბევრი დოკუმენტი გვინახავს და ოფიციალური თბილისი ძალიან ხშირად ამბობს, რომ არ აინტერესებს დოკუმენტები და დასკვნები. საბოლო ჯამში, მსგავსი ტიპის დოკუმენტების სიმრავლე მიდის იქამდე, რაც ვნახეთ სამხრეთ კავკასიაში – ანუ ქვეყნის რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება და შემდგომ უკვე დიდი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.
მთავარი პრობლემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს სახელმწიფოებრიობას უქმნის არის გრძელვადიანი პერსპექტივის შესაძლებლობის წართმევა. ეუთო-ს ის მექანიზმი, რომელიც ახლა ამუშავდა, სამწუხაროდ, კიდევ ერთი აგური იქნება ამ დამძიმებულ ვითარებაში “,- განაცხადა ხიდაშელმა.
ამ ფონზე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის -ში სამუშაო ვიზიტზეც ისაუბრა.
მისი შეფასებით, მდინარაძე ვაშინგტონში „სხვა დღის წესრიგით ჩავიდა“, ხოლო მას „სხვა დღის წესრიგით დახვდნენ“.
„ამერიკაში სხვა დღის წესრიგით ჩავიდა და ვაშინგტონი სხვა დღის წესრიგით დახვდა. ამერიკის საელჩოს დღევანდელი განცხადებაც ამის დადასტურებაა. ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც წესი, საელჩოს განცხადებები უფრო გრძელია, უფრო შინაარსიანია და უფრო მეტს გვეუბნება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დღის წესრიგში აცდენა. თბილისის მუდმივი მოთხოვნაა მაღალი რანგის შეხვედრები, ხელის ჩამორთმევა, ფოტოს გადაღება, მეტი „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ამ კონტექსტში ხიდაშელმა გაიხსენა ოლიმპიადაზე გადაღებული ფოტო, რომელზეც -ის ვიცე პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან ერთად არის წარმოდგენილი.
„რა თქმა უნდა, მილანში გადაღებულ ფოტოს არაფერი საერთო ჰქონდა იმასთან, რაც ყაველაშვილმა მოგვიყვა. არასერიოზულია ის, რაც მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია ის, რაც მოხდა ბაქოსა და ერევანში, და სამწუხაროდ არ მოხდა თბილისში.
აზრიანი, შედეგიანია, ქვეყნისთვის სასარგებლოზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა. რეალურად, ჩავიდა-ჩამოვიდა, ქვეყნისთვის არანაირი შედეგი არ მომხდარა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრა და წამყვანის კითხვას უპასუხა, რამდენად რაციონალურია ასეთ ფორმატში შესვლა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები სხვადასხვა ფორმატში ერთმანეთთან დებატობენ და ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა ავტომატურად არ ნიშნავს ოპონენტის ლეგიტიმაციას. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თუ არსებობს შესაძლებლობა, ოპონენტს საჯაროდ დაუსვა კითხვები და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენო, ეს უნდა გამოიყენო, თუკი ამისთვის არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია და მზადყოფნა.
„კარგია, რომ იმ ადამიანების, ნაწილი, რომლებიც აქტიურად მლანძღავდა, დღეს ეთანხმება სიკოს (სიმონ ჯანაშია) გადაწყვეტილებას. მათ შორის, იმ პარტიის წარმომადგენლებიც მლანძღავდნენ აქტიურად. ზოგიერთი უფრო ადრე ვხვდები, ვიდრე სხვები. მგონია, რომ ირაკლი კობახიძეს, სადაც შეხვდები და დაამარცხებ, იქ უნდა დაამარცხო. სადაც შეგიძლია გალახო, უნდა გალახო. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ვგულისხმობ. ამას არ აქვს კავშირი არც ლეგიტიმაციასთან, არც არავის აღიარებასთან. პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმატში დებატობენ და მას “ბატონო პრემიერო“ არავინ აპირებს ეძახოს.
მოქალაქე ირაკლი კობახიძეს, სადაც საშუალება გექნება პირში უნდა უთხრა სათქმელი და იძულებული გახადო, რომ მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ ხარ კვალიფიციური და მომზადებული – გაქვს უნარი, იმ ველზე იყო სათანადოდ მზად, უბრალოდ ჩვეულებრივ ფსიქოპატთან სალაპარაკოდ, თუ გაქვს ამისთვის ნერვები, პროფესიონალიზმი და მზადყოფნა, მგონია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. სრულ სისულელედ მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ ეს არის რაღაცის ლეგიტიმაცია და ვიღაცის აღიარება“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა: „მოვიდეს ერთი ერთზე და სადაც უნდა, იქ შევხვდები“.