მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებს, კონკრეტული სანქციები მხოლოდ იმ პოლიტიკური ფიგურების მიმართ მიმართონ, რომლებიც საქართველოს ევროპულ პროგრესს ხელს უშლიან – პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და არა ქართველ ხალხს! – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი აცხადებს.
ხიდაშელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო იდეა“ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას მკაცრად ემიჯნება.
„ამ საფრთხემ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამდენად საზიანოა „ქართული ოცნების“ მოქმედი პოლიტიკა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, “სამოქალაქო იდეა“ მიზანმიმართულად და აქტიურად იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენარჩუნებოდათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. უფრო მეტიც, ჩვენს ორგანიზაციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმ პროცესებში, რომლებმაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მიიყვანა. ჩვენთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ საქართველო არ ჩამოშორებოდა ევროპულ ოჯახს – არც ღირებულებითი თვალსაზრისით და არც პოლიტიკურად.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ნაბიჯები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას. მათი მმართველობის პირობებში, ქვეყანა სულ უფრო მეტად დაშორდა ევროკავშირს – როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ სიბრტყეში. სწორედ ხელისუფლების ქმედებები უქმნის საფრთხეს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მომავალს. ამ პროცესების ფონზე, „სამოქალაქო იდეას“ მკაფიო და პრინციპული პოზიციაა:
აუცილებელია ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და არჩევნების მიტაცებაში ეჭვმიტანილი პირების დასჯა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება;
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემა, მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებს, მიმართონ კონკრეტულ სანქციებს მხოლოდ იმ პოლიტიკური ფიგურების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროპულ პროგრესს; პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, და არა ქართველ ხალხს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა უწყვეტად, ერთსულოვნად და საჯაროდ იცავს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ყველა ის პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი, რაც უკვე დადგა ან მომავალში შეიძლება დადგეს, მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა გარდაუვალია – ვერც ერთი პოლიტიკოსი და პარტია ვერ გაექცევა სამართლებრივ და ისტორიულ ანგარიშს”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
