“ეს არის კორუფციასთან ბრძოლა ჩინური გზით” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა და “ქართული ოცნების” მიერ ივანიშვილის გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, წლების მანძილზე, “ქართული ოცნების” მსგავსად, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი კორუფციას “შერჩევითად ებრძვის” და ციხეში სვამს მათთვის იმ მომენტში არასასურველ თანაპარტიელებს – “ზუსტად ამ გზაზე დგას ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და ეს გუნდი”.
ეს არის კორუფციასთან ბრძოლა ჩინური გზით. ზუსტად, ერთი-ერთში ამას აკეთებს [ჩინეთის] პრეზიდენტი სი ძინპინი. ჩინეთი ძალიან ცნობილია კორუფციასთან ბრძოლით, მხოლოდ კორუფციას ებრძვიან შერჩევითად, მათთვის იმ მომენტში არასასურველი, მათივე თანაპარტიელების განადგურება-განეიტრალების გზით. როგორც კი პარტიაში შიგნით კონკურენტი ჩნდება, როგორც კი განცდა უჩნდება პრეზიდენტს სი ძინპინს, რომ ეს ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს მისი, პირადი, კომუნისტური პარტიის კი არა, მისი ძალაუფლებისთვის საფრთხის მატარებელი, მაშინვე მორიგი ტალღა იწყება კორუფციის და ამ კორუფციის ტალღაზე ის ადამიანები ქრებიან ჩინურ ციხეებში. ზუსტად ამ გზაზე დგას ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და ეს გუნდი ამ წუთას, ისინი საკუთარი პოლიტიკური ველიდან, ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური ველიდან კი არა მხოლოდ, იმისთვის სხვა აქვთ, კანონებს იღებენ იმისთვის, რომ დანარჩენი პოლიტიკური ველი გააქრონ…
ირაკლი ღარიბაშვილი იმის მიუხედავად მე და თქვენ მასზე რას ვფიქრობთ, დღემდე “ქართული ოცნების” ბირთვულ ამომრჩეველში არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა. “ქართული ოცნების” ბირთვისთვის ასეთი ცოტა შავბნელი, ცოტა საბჭოთა ნოსტალგიის მატარებელი… ეჭვიც არ შემპარვია, რომ [ივანიშვილი] ღარიბაშვილს დაიჭერდა იმიტომ, რომ ხომ ზუსტად ის დამოკიდებულება აქვ ღარიბაშვილზე, რაც ერთხელ ტელევიზორშიც თქვა – რაც გინდათ ის დაუძახეთო. არც პატივს სცემდა და არც არაფრად მიაჩნდა…
ამ წუთამდე გამოცანაა ჩემთვის ლილუაშვილის თემა, ვერ ვხსნი ლილუაშვილის პატიმრობას… ვერ წარმომიდგენია რა ძალა შეიძლება არსებობდეს, რომელმაც დაარწმუნა ივანიშვილი, რომ კობახიძეს უფრო უნდა ენდობოდეს, ვიდრე ლილუაშვილს…” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.




