თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტთან კომუნიკაციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებით ყველა, საჯარო თუ არასაჯარო კომუნიკაციაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაა, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და ამის დასრულების კონსტიტუციური ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესში უნდა გამოიყენოს, – ამ ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფორმალური გაერთიანება აუცილებელი არაა და მნიშვნელოვანია „საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად“.
„არ არის აუცილებელი ფორმალური და ხელოვნური გაერთიანება ერთი ბლოკის ქვეშ ან კოალიციაში. მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ეს გვესმის ყველას და ამაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ძალიან ღიად ისაუბრა – ვფიქრობ, ყველაზე ღიად და მკაფიოდ მის ყველა სხვა გამოსვლასთან შედარებით, როდესაც მან თქვა, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა უნდა ჩანაცვლდეს ევროპული და სავარაუდოდ, კოალიციური მმართველობის მოდელით და ამას მოელის ევროკავშირი. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი განაცხადია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე, არამედ ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ინიციატივას შევუერთდებით, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური კონსოლიდაცია და კონსოლიდაცია საზოგადოებაში. ჩვენთვის ეს არჩევნები არის არჩევნები, სადაც ყველამ უნდა იფიქროს არა პარტიულ შედეგზე და ამოცანებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენც ამოვდივართ არა პარტიული გათვლებით, არამედ ორიენტირებული ვართ ჩვენი ქვეყნის დიდ ეროვნულ, ევროპულ მიზნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოწვევა ჯერ არ მიუღიათ, თუმცა “სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა, მეტი კონკრეტიკა მიიღონ პრეზიდენტის ინიციატივაზე”.
„ველით, რომ მისგან მოვისმენთ მეტ კონკრეტიკას და დეტალებს იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მოვისმინეთ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ შევუერთდეთ, თუმცა დამატებითი დეტალების გაგება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება