თინა ბოკუჩავა – იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება

საქართველო – ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა ყოფილი პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დაფუძნებულია ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელსაც ივანიშვილმა არაერთხელ უღალატა. ახლა მისი პერსონალური ემისიის გაგზავნა ვაშინგტონში, ვეღარ შეცვლის იმას, რომ მისი და მისი ხელისუფლების ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომპრომეტირებულია. აშშ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს და გვერდით უდგას ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აღდგეს, ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და არა ივანიშვილის მარიონეტებისა და ემისრების ვაშინგტონში გაგზავნა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სინამდვილეში იმდენად არიან შეშინებულები, რომ “შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ როგორმე გაიგონ მაინც იქ რა ხდება”.
„ახლაც მორიგი შიკრიკი ჰყავდათ გაგზავნილი, ფოსტალიონი, საკმაოდ მაღალი დონის. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი ჰყავს იქ”, – განაცხადა გახარიამ.