თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასამბლეა ევროკომისრებად სახალხო პარტიიდან დასახელებულ კანდიდატებს ხვდება.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.
ბოკუჩავას განცხადებით, ევროპაში არსებობს სრული მზაობა, დაეხმარონ საქართველოს იმ იზოლაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა.
მისივე თქმით, ხვალ, „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოზე რეზოლუციის ტექსტზე იმსჯელებს. რეზოლუციის მთავარი აქცენტია, ქართველ ხალხს მიეცეს თავისი პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება.
„ჩვენ ვიმყოფებით ევროპარლამენტში ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ისმენენ ევროკომისრების კანდიდატებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას. აქ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ ევროკავშირის კარები ღიაა საქართველოსთვის და ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. 26 ოქტომბრის არის შესაძლებლობა ქართველმა ხალხმა აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა და უარი უთხრას სიღატაკეს იზოლაციაში. ეს არის შანსი გავათავისუფლოთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც აქ, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს და ქართველმა ხალხმა ის დიდი მონაპოვარი, რაც არის კანდიდატის სტატუსი, უკვე მოქმედებაში მოიყვანოს და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ