სანქციები არის დასავლეთის ყველაზე ძლიერი წნეხის ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, ანტიქართულ პროცესებზე – პაპუაშვილი უკვე კომიკური, ჩამოყალიბებული დიქტატორის განცხადებებს აკეთებს. გვახსოვს მისი განცხადებები, რომ სანქციების მხრიდან გამოწვეულ დისკომფორტს ვერ გრძნობენ, თუმცა დღეს კი ქვემეხებად ეჩვენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, სანქციებზე, მათ შორის პოლონეთის მხრიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის მიმართ შემოღებულ აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე აზრით, „ბიძინა ივანიშვილს სანქციების პარანოიდული შიში აქვს“.
„ვიცით, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ სანქციებს გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება, ორბანი ვეტოს უფლებას იყენებს, თუმცა მათ შეუძლიათ, ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში ეს პრეროგატივა გამოიყენონ. პოლონეთის მხრიდან სანქციები მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ მხრიდან გვახსოვს განცხადებები, რომ – სანქციები არ მუშაობს, მაგრამ მათი რიტორიკა შეცვლილია.
პაპუაშვილი უკვე კომიკური, ჩამოყალიბებული დიქტატორის განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია, დიქტატორი არ არის, ის ბიძინა ივანიშვილის პაიკია და უმნიშვნელო მსახური. მათი განცხადებები გვახსოვს, რომ ვითომ სანქციებს არანაირი ეფექტი არ აქვს, რომ სანქციების მხრიდან გამოწვეულ დისკომფორტს ვერ გრძნობენ და დღეს კი ქვემეხებად ეჩვენებათ.
ამ ადამიანებს აქვთ ბევრი ფული. ბიძინა ივანიშვილის სანქციების პარანოიდული შიში აქვს, ასევე მის გარემოცვას, მათ კი ეს ფული ძალიან ბევრი საბიუჯეტო კორუფციით დააგროვეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ასევე, თინა ბოკუჩავა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს პრივილეგია კონკრეტულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამოკიდებული, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოველდღიურად ირღვევა.
„ეს პრივილეგია კონკრეტულ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ღირებულებები ივანიშვილის „რუსული ოცნების“ მხრიდან ყოველდღიურად ირღვევა და ფეხ ქვეშ ითელება. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც „ვარდების რევოლუციისა“ და მას შედეგ გატარებული რეფორმების შედეგად მივიღეთ. ამიტომ ჩვენ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ უნდა შევეგუოთ, რომ ევროპაში მოგზაურობისთვის 6 თვე რიგში ვიდგეთ. 2010-2011 წლებში მიმდინარეობა აშშ-სთან მოლაპარაკებები, რომ უვიზო მიმოსვლა ყოფილიყო, მაშინ კი ქართული დიპლომატია ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკოსმა, ასევე, პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ისაუბრა, ასევე შეაფასა კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა. თქმით, გახარია მის გვერდით დგომას უკადრისობს, თუმცა თეა წულუკიანთან 6 საათიან დისკუსიაში შედის.
„გიორგი გახარიას ჩემგან მწვავე კრიტიკა არ უნდა გაუკვირდეს. მისი მხრიდან კომისიაზე მისვლა იყო უდიდესი პოლიტიკური და მორალური შეცდომა და იმ ერთადერთი შეთანხმების დარღვევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საკოორდინაციო ფორმატში მივიღეთ. გახარიას რატომღაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, შეუძლია, რომ რაღაც გადაწყვეტილებების ნაწილი იყოს, შედეგ ეს შეთანხმება დაარღვიოს და სანაცვლოდ არანაირი ფასი არ გადაიხადოს. მივიდეს წულუკიანთან და „ნაციონალურ მოძრობაზე“ ილაპარაკოს. რა გაუკეთებია მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი? მე ვითხოვდი კომისიის შექმნას მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, იქ დანაშაული მოხდა, რომლის მონაწილეც ის არის, იგივე ია კერზაიას საქმეზე, რომელშიც გიორგი გახარიას ხელი ურევია და 20 ივნისთან დაკავშირებით”, – განაცადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერას ცდილობენ.
„ისინი ისტორიის გადაწერას ცდილობენ და ეს მიზანი ხილული კომისიით გახდა, რომლის მიზანი რუსული ვერსიით საქართველოს ისტორიის გადაწერაა. ის, რომ ანწუხელიძეს ანტიგმირად აცხადებდე და ამ ადამიანთან სიტყვა „პიარი“ თავში მოგივიდეს, ის, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთი ვერ ახსენო და რაღაცების ბოდვა დაიწყო, ეროვნული იდენტობის წაშლაა.
„ქართველობას გვართმევენო“ – სააკაშვილზე ამბობდნენ, რაც რუსული ნარატივი იყო. რუსებს აქვთ ჩამოყალიბებული პროზიცია, თუ რა უნდა იყოს ქართველობა, რომ ეს არის რუსის მონობა და „გამრთობობა“, როგორც პოზნერს დახვდნენ. სინამდვილეში ქართველობას ესენი გვართმევენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, თინა ბოკუჩავას შეფასებით, იმ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც „ის იმარჯვებს, ვინც ითვლის“ ალოგიკურია.
„ამ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. დაუშვებელია ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც ყოველთვის ის იმარჯვებს. ვინც ითვლის, მსგავსი არჩევნები რუსეთშიც ტარდება, სადაც ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს, ამიტომ ასეთ ფარსს ნუ მოვაწყობთ და ნურც მონაწილეობას მივიღებთ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასაც აღიარებ.
დაითხოვოს მთელი მთავრობა ივანიშვილმა და მოასუფთაოს პოლიტიკური ველი და მერე ვისაუბროთ არჩევნებზე. არანაირი ლოგიკა არ არსებობს, რომ შეხვიდე არჩევნებში, რომელსაც დათვლის და დაწერს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
