2024 წლის 16 ნოემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის – “საზღვრებს მიღმა” – წარდგინება. აკადემია დააფუძნა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა, ნიდერლანდების მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა და კულტურის მოღვაწემ, თინათინ სვანიძე- ვენკომ. ინიციატივის მხარდამჭერი და აკადემიის პარტნიორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია გახლავთ.
აკადემია – „საზღვრებს მიღმა“ – უნიკალური პროექტია, რომელიც გააერთიანებს ქართველ ბავშვებს ემიგრაციიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთიდან და ცხინვალიდან), ისტორიული ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და ასევე მოიცავს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებსაც.
როგორც აკადემიის დამფუძნებელმა, თინათინ სვანიძე-ვენკომ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „ეს მნიშვნელოვანი წამოწყება მიზნად ისახავს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ცოდნის გადაცემას საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ. აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს კავშირებს, მეგობრობას, კულტურულ გაცვლასა და შექმნას საზოგადოების ძლიერი ერთობის გრძნობა ქართველ ახალგაზრდებში“.
აკადემია ეცდება შექმნას ძლიერი კავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, კულტურულ განვითარებასა და ურთიერთგაგებას, რაც მოიცავს ქართული ფოლკლორის, თეატრის, ხელოვნების, კულტურის, კალიგრაფიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. აკადემია მიზნად ისახავს, დააორგანიზოს შემეცნებითი თუ პერსონალური განვითარების ტრენინგ-კურსები, უცხო ენის, ჭადრაკის, ქართული კალიგრაფიის, მეტყველებისა თუ სასცენო ხელოვნების შემსწავლელი გაკვეთილები და სეზონური ბანაკები. აღსანიშნავია აკადემიის თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომელთა შორისაცაა ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აკადემია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ გამოფენებში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაში, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და მის გაზიარებაში, ქართველ ემიგრანტთა შორის ქართული იდენტობის პოპულარიზაციასა და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო აქტივობებში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით დამსწრე აუდიტორიას მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა – დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – ჯემალ გამახარიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ კონსტანტინიდმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – თამაზ ბესტაევმა.
ღონისძიება გახსნა ფონდის – „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ – ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, ნინო გოგოხიამ და ისაუბრა ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული მომავლის შენების პროცესში. ასევე, ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ფონდის – „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” – უფლებამოსილი წარმომადგენელი აფხაზეთიდან – ლანა ლაცუზბაია და ფონდის – „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” – უფლებამოსილი წარმომადგენელი ცხინვალიდან – მაკა მიდოდაშვილი. მათ ისაუბრეს იმ პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ცხინვალის რეგიონის საერო და სასულიერო წარმომადგენლობასთან ერთად დაგეგმილმა საქმიანობამ. პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიისა და ნიქოზის „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის“ თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ერთობლივი კულტურული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა შექმნის რეალურ პირობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობის ძირძველ ფესვებთან დასაბრუნებლად. გამოყენებული იქნება ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალება, რომ სამშობლოს დაცილებულმა მოსახლეობამ შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობის განცდა. ამ მხრივ ფასდაუდებელია საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სასწავლო ცენტრებსა თუ საკვირაო სკოლებში ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, სწავლება, კონკურსებისა და გამოფენების ორგანიზება. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მცხოვრები სტუდენტი-ახალგაზრდობის გაწევრიანება ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსათვის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებად, ასევე მათი ჩართვა გაცვლით პროგრამებში.
ღონისძიების მეორე ნახევარში საზეიმო ვითარებაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩართულ მხარეთა ერთობასა და თანამოაზრეობას.
პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის – “საზღვრებს მიღმა” – დაარსებას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და შეფასდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დიასპორული მიმართულებით. აკადემია მალე დაიწყებს სრული დატვირთვით ფუნქციონირებას, უკვე შექმნილია facebook გვერდი (First Georgian International Diaspora Educational Academy Beyond Borders), რომელიც დაგეგმილი პროექტების შესახებ დაინტერესებულ პირებს, მშობლებსა და ახალგაზრდებს სრულ ინფორმაციას მიაწვდის.
(R)