თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება დღეს, 24 ივლისს, დილიდან დაიწყეს, ბოლო ერთ საათში 10-მდე ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები – დათი დანელია, გიორგი დუმბაძე, სოფო მარკოზია, მარიამ მეყანწიშვილი და რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე.
ნეტგაზეთი დეტალების გარკვევას შსს-სთან ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებული ადამიანები განყოფილებებში გადაიყვანეს, თუ უბრალოდ ტერიტორიას განარიდეს.
მანამდე, დილით, დადასტურდა, რომ გამოსახლების პარალელურად 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლება დღეს, 24 ივლისს, დილიდან დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აცხადებენ, რომ შენობა, საიდანაც ხალხს ასახლებენ, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
მათივე განცხადებით, მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს.
„აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
